ცვლილებები შრომით რეგულაციებში
ცვლილებები შედის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე პირის სამსახურიდან გათავისუფლების თუ სამსახურში აღდგენის საკითხების რეგულაციებში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გუშინ, 3 მაისს, გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე.
პროექტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულება ვალდებულია, ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მოხელე აღდგენილი იქნება სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.