საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, რუსული წარმოების ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება დამოკიდებულია იმაზე, მიაწვდის თუ არა რუსეთი ევროპის წამლების სააგენტოს ვაქცინასთან დაკავშირებით აუცილებელ მონაცემებს.
როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს განუცხადა, რომ ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ გეგმავს.
სწორედ ამიტომ გერმანია მოსკოვთან წინასწარი მოლაპარაკებების დაწყებას თავად განიხილავს. გერმანიას სურს, განსზღვროს, თუ რა რაოდენობის ვაქცინის და რა ვადებში მიწოდებას შეძლებს რუსული მხარე.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, გერმანია რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მას ევროპის წამლების სააგენტო დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, გერმანიის ბავარიის რეგიონის პრემიერმა მარკუს ზოდერმა განაცხადა, რომ პრეპარატის ევროპის წამლების სააგენტოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, რეგიონი „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის 2,5 მილიონ დოზას შეიძენს.