პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პარტნიორების მხრიდან ზეწოლა ხდება „ქართულ ოცნებაზეც“ და ჩვენზეც

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან ზეწოლა როგორც „ქართულ ოცნებაზე“, ისე ოპოზიციაზე მიმდინარეობს.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ეს პროცესი მაქსიმუმ ორი კვირა გაიწელოს“.

კითხვაზე, რა აძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ პოზიციებს შეიცვლის, ვაშაძე ამბობს, რომ მისი მოლოდინი დასავლელი პარტნიორების განწყობითაა განპირობებული.

შეთანხმება ცუდი არ არის, არ „ტეხავს“. შეთანხმება და კომპრომისი არ ნიშნავს, რომ მე წავაგე და სხვამ მოიგო. ზეწოლა ხდება „ქართულ ოცნებაზეც“ და ჩვენზეც, მაგრამ გარდა ამისა, საზოგადოების განწყობა არის შეთანხმებისკენ, ხალხს უნდა შეთანხმება. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, თუ არ შეთანხმდები, „თაგვმა თხარა, თხარაო“... ისე გამოგივა ყველაფერი. სანამ დროა, ნორმალური კომპრომისული შეთანხმების, მანამდე უნდა მოხდეს ეს, მერე შეიძლება გვიანი იყოს. არ გვინდა აშლილობები, არეულობები, შეთანხმება უნდა იყოს და საგზაო რუკა შედგეს, როგორ გამოვდივართ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ერთ დღეში ვერ გამოვალთ ამ კრიზისიდან - არის შეთანხმება, შემდეგ მისი იმპლემენტაცია, შემდეგ კიდევ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

დახურულ კარს მიღმა არის ზეწოლაც, რჩევაც, პოზიციების გაცვლაც, გაცილებით უფრო ღიად, პირდაპირი ენით, ვიდრე საჯარო სივრცეში, სადაც უფრო დიპლომატიური ენაა. იმდენი ხანია ამ ელჩებთან და ფასილიტატორ-მოდერატორებთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ნახევარი სიტყვით უკვე ვიცით, ვინ რას ფიქრობს და როგორ. რამდენიც ჩვენ მივდივართ არგუმენტებით, იმდენი უკუარგუმენტები გვხვდება“, - განაცხადა ვაშაძემ.