საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურისთვის „სახელდახელოდ შემუშავებული და მიღებული“ საკანონმდებლო ცვლილებები დაიწუნა. ევროკავშირის ორგანოს 7 აპრილის განცხადების თანახმად, „საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიცემის წინაპირობა“ უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესების შესახებ ვენეციის კომისიისათვის დასკვნის თხოვნა და მისი გათვალისწინება იქნება.
განცხადების თანახმად, მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებისათვის ინიციატივას, „იგი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო“.
ევროკავშირმა „დანანებით“ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა აქამდეც შეცვალა კანონი „ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის საბოლოო აზრის დროულად მოკითხვის, თუ ამ აზრისათვის დალოდების გარეშე“.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესი სასამართლო „უმაღლესი პროფესიული უნარითა და პატიოსნებით“ შემკული მოსამართლეებისაგან შედგებოდეს. ამასთან, მან საქართველოს „მკაცრად მოუწოდა“, აზრი მოჰკითხოს ვენეციის კომისიას, რამდენად შეესაბამება პირველი აპრილის ცვლილებები კომისიის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს.
Civil.ge