უცხოეთი
სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე - რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი.რუსეთი აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს და აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება ყაზახ კოლეგასთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ პასუხს გავცემთ არაკეთილგანწყობილ ნაბიჯებს და ეს ნამდვილად ასე იქნება. ჯერჯერობით მე არ მინახავს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება და არაფერი გამოცხადებულა. წავიკითხე ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დაასრულა რუსეთის „მტრული ნაბიჯების“ განხილვა და მათ ეს როგორღაც საკმაოდ სწრაფად მოახერხეს”, - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევისა და კიბერთავდასხმების საქმეების გადახედვა დაასრულა და შესაძლოა, მალე საპასუხო ზომების შესახებ განაცხადოს და ეს ნაბიჯები შესაძლოა, მოიცავდეს სანქციების დაწესებასა და რუსი დიპლომატების აშშ-დან გაძევებას.

interpressnews.ge