დღეს ახალს არავისთვის წარმოადგენს, რომ ხალხის სახელით და „ვარდების რევოლუციად წოდებული“ პოლიტიკური სპექტაკლი სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო. ამ გზით მოსულმა ე.წ. ჯგუფმაც „ამერიკული დემოკრატიის“ სახელით ქვეყანაში რეფორმების გატარება დაიწყო. ფაქტობრივად, განადგურდა ყველა რეფორმირებული სფერო – უმაღლესი და საშუალო განათლება, მეცნიერებათა აკადემია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, პენიტენციარული სისტემა. ამ სისტემის ნგრევა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობისას სასამართლო რეფორმით დაიწყო. ყველაზე მთავარი ქვეყანაში გატარებული ლიბერალური რეფორმა აღმოჩნდა, რის შედეგიც იდეოლოგიისა და ცნობიერების დეგრადაციის მცდელობაა. საზოგადოება თანდათან მიხვდა, რომ არსებული ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების, სიმდიდრის, პირადი გამორჩენის მიზნით გარედან დაფინანსებული ძალის ინსტრუმენტია. განხორციელებულმა გადატრიალებამ უარყოფითად იმოქმედა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ცნობიერებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ყველა დარგსა და მეცნიერებაზე.
საუბრების ციკლი – „დემოკრატია ამერიკულად“ – მიზნად ისახავს, შეძლებისდაგვარად, ყველა სფეროსა და პროფესიის ადამიანთან გასაუბრების გზით, იმ ანტისახელმწიფოებრივი გეგმის გამოვლენას, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა. ეს გეგმა შესაჩერებელია, რადგან ის სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო ყველა სფეროსა და საქართველოს სრულ განადგურებას მოგვიტანს. ამას ინტერვიუებში აღწერილი რეფორმის შედეგებით დავასაბუთებთ. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული გადატრიალების შედეგებიც საზოგადოებამ მალევე იწვნია. ის დამანგრეველი აღმოჩნდა... მოლოდინი – მცდარი, ხალხი – მოტყუებული.საქინფორმის პირველი სტუმარია ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის ნაციონალური თეატრალური პრემია „ოქროს ნიღბის“ ლაურეატი, პროფესორი ანზორ შომახია.
– ბატონო ანზორ, როგორც ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ, ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგები საკუთარ თავზე თქვენც იწვნიეთ. რამდენადაც ვიცი, ბევრ სხვასავით, ახალგაზრდა ხელისუფლებისგან დაპირებული სამართლიანობის, კორუფციასთან ბრძოლისა და „საქართველოს გაბრწყინების“ იმედი თქვენც გქონდათ. მათ გარდა, ვინც დღეს სახელისუფლებო სტრუქტურებში არ არის დასაქმებული, ან ვერ ხვდება და აცნობიერებს, ეს კურსი რა შედეგებს მოუტანს მომავალში ქვეყანას, ყველა უკმაყოფილოა. როგორც საოპერო სფეროს წარმომადგენელი, უბრალოდ, რიგითი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, რას გვეტყოდით – რას ელოდით, რა მიიღეთ და რით შეიძლება ასეთი პოლიტიკა დასრულდეს ქვეყნისთვის?
– მართალი ბრძანდებით. მეც სხვასავით მეგონა, რომ იმ დაპირებას შეასრულებდნენ, რასაც გვიჩვენებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ უსამართლობისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყნის გასამთლიანებლად მოდიან. ვინ იფიქრებდა, რომ ესენი თავად დაიწყებდნენ კორუფციის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობას. საქართველოს კი არათუ გააერთიანებდნენ, კიდევ უფრო დაშლიდნენ და, რაც მთავარია, მისი იდეოლოგიური საფუძვლების ნგრევას დაიწყებდნენ?! იდეოლოგიას რაც შეეხება – ათეისტი ტროცკისტების დროს ჩვენ ვიცოდით, გვეუბნებოდნენ, რომ თუ ამ იდეოლოგიას არ წაჰყვები – დაგხვრეტ, დაგიჭერ, გადაგასახლებ! განსხვავება ტროცკისტებსა და ნაციონალებს შორის არ არის. ახლა უკვე ყველამ დავინახეთ, რომ ეს ნამდვილად არ იყო ხალხის მიერ მოწყობილი რევოლუცია. იდეოლოგიას საერთოდ ვერ ვხედავ. იდეოლოგია ჭკვიანური უნდა იყოს. ამათთან ჭკვიანური არაფერია. არის აღტყინებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სადღაც უსწავლია, მაგრამ, როგორც ვატყობ, – ბევრი ვერაფერი. აი ასეთი ადამიანები ახორციელებენ ყველაფერს. მხოლოდ რაღაცის შეცვლის სურვილით საქმეს ვერ გააკეთებ. ვხედავთ მხოლოდ იმის სურვილს, რომ ყველაფერი ძველი რაღაც ახლით შეცვალონ. ერის არცერთი ღირსეული შვილისთვის არავის არაფერი უკითხავს. პირიქით – ღირსეულები მიჩქმალეს და „ჩარეცხეს“. ეს ახალი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის, კარგია თუ ცუდი – არავინ კითხულობს?! ვიცით, რომ ეს ხელისუფლება ამერიკის მხარდაჭერით მოვიდა. არსებობს ამერიკა – მდიდარი ქვეყანა, რომელიც ასეთ ცვლილებებს აფინანსებს. ამერიკული დაფინანსებით ამ ე.წ. დემოკრატიასა და რეფორმებს კარგი არაფერი მოუტანია. მგონი, თვითონაც რომ ვერ აცნობიერებენ, ისეთი იდეოლოგიისკენ მივყავართ. არაფერი სასიკეთო ამ იდეოლოგიასა და დემოკრატიას არ მოუტანია ჩვენთვის. ეს დაღუპავს ქვეყანას! შეიძლება განვითარების რაღაც ეტაპსა და დონეზე ეს ცვლილებები სასარგებლო და შესამჩნევი ყოფილიყო საქართველოსთვის, მაგრამ ამ ეტაპზე, რასაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენ წარმოვადგენთ, ეს დაუშვებელია! იქაც – ამერიკაში, ასე ცალსახად არ არის. გააჩნია, საზოგადოების რა ფენა გვყავს მხედველობაში. თქვენ ხედავთ, რა საზოგადოება და როგორი ჩაცმული ტრიალებს ისეთ კონცერტებზე, როგორიც „სამი მომღერლის“ კონცერტი იყო. სად პოულობენ ასე ჩაცმულსა და გამოწყობილებს?! მე ვაჟიშვილი ამერიკაში მყავს და წელიწადში ერთხელ ვსტუმრომ კიდეც მას. იქ ასე არ ხდება. ჩვენ ყველასგან მაინცდამაინც სუსტი და „ფუყე“ გადმოგვაქვს. მე იდეოლოგიაზე მოგახსენეთ, რომ საერთოდ არ იციან, საით მიდიან... იგივე ხდება ხელოვნებაშიც, როცა ქართულ კულტურას არ უვლი, ხელს არ უწყობ და არ ეხმარები. ამის სანაცვლოდ, მაპატიონ, მაგრამ უკვე „ნაფტალინმოკიდებული“ დიდი მომღერლები ჩამოგყავს... ასეთი ფორმით ქართული კულტურის სიყვარულს ვერ დაამტკიცებ. იმათთვის მილიონების გადახდა არ არის ქართველი ახალგაზრდების აღზრდისა და კულტურის განვითარების სწორი გზა.
– ბატონო ანზორ, ქართველები, განსაკუთრებით კი თქვენ – საოპერო დარგში მოღვაწე, საოპერო ხელოვნებას ნაზიარები ვართ და მეტ-ნაკლებად ვერკვეოდით კიდეც მასში. მგონია, რომ ჩვენი მთავრობა, უშუალოდ, პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ ჩვენ რაღაც არ ვიცით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენს მუსიკალურ განათლებას მიჰყო ხელი... ეს პრემიაც („ოქროს ნიღაბი“), რამდენადაც ვიცი, ქართველებიდან მხოლოდ თქვენ მიიღეთ... თქვენ მაინც, ასე გარკვეულს, არაერთი ცნობილი პარტიის შემსრულებელს, ამდენი დამსახურებული წოდების მფლობელს, სხვებივით რატომ მოგექცნენ?
– საქართველოში დასაბრუნებლად განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდი. ღამეებს ვათენებდი. მაქვს სამეცნიერო ხასიათის ნაშრომები. ჩემი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ახალი საოპერო თეატრი. ვხელმძღვანელობდი ახალგაზრდა სოლისტთა ჯგუფს. ვმონაწილეობდი სამუსიკო ხელოვნებისადმი მიძღვნილ რამდენიმე საერთაშორისო სიმპოზიუმში როგორც რუსეთის წარმომადგენელი და სხვ. მოკლედ, დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მსურდა, ეს გამოცდილება ქართველი ახალგაზრდობის აღზრდასა და ქართული ხელოვნების აღორძინება-განვითარებას მოხმარებოდა. ამის შესახებ წერილიც მივწერე კულტურის მინისტრს, მაგრამ... ამას არ გეტყოდით, მაგრამ ამათი იდეოლოგია სწორედ პროფესიონალების მოშორებაა. რა იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ლომაია-გაბაშვილს ან შთამომავლობით ციხეებთან დაკავშირებულ შაშკინს, რომელიც ქართულ განათლებას განაგებს? სწორედ იდეოლოგიის უქონლობის შედეგია, რომ „მაესტროს“ გამოკითხვისას სტუდიაში ვიღაც უღირსმა ქალბატონმა დარეკა და თქვა: „უვარგისი და უღირსია ქართველი ხალხი, რომელიც სააკაშვილს იწუნებს. ნაგავში უნდა მოისროლო და რეზო ამაშუკელიც მიაყოლო“. ვერ ვხვდები, რა შუაშია ბატონი რეზო, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ამ ქალბატონმა არ იცის, რომ საქართველოსთვის ბატონი რეზოს ერთი ლექსი უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი ხელისუფლება ამ ქალბატონიანად. აი ეს არის ამათი იდეოლოგია. რაც შეეხება ჩემს გაშვებას, ეს შურისძიება იყო იმის გამო, რომ მე ვერ შევეგუე იქ არსებულ არაჯანსაღ, უზნეო კლანურ სიტუაციას. ჩემ გარდა, სხვა ღირსეული ადამიანებიც ჩამოაშორეს ახალგაზრდების აღზრდას. ესეც ამათი იდეოლოგიაა – მიმბაძველობა, სხვისი ნაბოდვარის ქართული განათლებისთვის უაზრო მორგება. რაც შეეხება რუსეთის ნაციონალურ პრემიას, ვინმეს მთავრობის ჯილდო ან ის პრემია არ ეგონოს, თავად რომ არიგებენ და იღებენ. მე ეს ჯილდო ჩემს რუს კოლეგებს ურთულეს კონკურსში სამართლიანად მოვუგე.
– ნუ დარდობთ. რეზო ამაშუკელს კი არა, ეს რეჟიმი და იდეოლოგია თავად უწმიდესს ებრძვის. ამ ქალბატონის მსგავსმა ოპონენტებმა შეიძლება გვითხრან, რომ უმადურები ვართ; ამდენს ხარჯავენ ერის „კულტურული განათლებისთვის“, ასეთი ცნობილი პიროვნებების ჩამოსაყვანად, ჩვენ კი მაინც არ ვემადლიერებით...
– ვემადლიერებით კი არა, ამ ლაწირაკებს მათრახისცემით უნდა აუჭრელო ერთი ადგილი. ძვირადღირებული, ერთ დროს ცნობილი მუსიკოსების ჩამოყვანა, გაუთავებელი შოუები და ტაშფანდური მხოლოდ პიარია. ამით აჩვენებენ, რომ ძალიან კარგად გვაქვს საქმე. სინამდვილეში ახალგაზრდების გამოლენჩება მიმდინარეობს, იმის დანერგვა, რომ მათ გართობის გარდა აღარაფერი აინტერესებდეთ. კულტურა კი ამათგან არ ესწავლება ქართველ ერს. კონსერვატორია, რომელიც მე დავამთავრე, ბრწყინვალედ ართმევდა თავს თავის მოვალეობას. იზრდებოდნენ შესანიშნავი მომღერლები, ინსტრუმენტალისტები, მუსიკათმცოდნეები; აღზრდა ზნეობასა და სიყვარულთან წილნაყარი იყო, რაც, თავის მხრივ, გამოხატულებას პოვებდა შემდგომი მოღვაწეობის დროს. რომ არა ე.წ. რკინის ფარდა, უამრავი ქართველი შემსრულებელი „დაიპყრობდა მსოფლიო სცენას“. ყველაფერ ამას არა ევროამერიკომანია, არამედ მოვალეობის კეთილსინ