პოლიტიკა
დროა, პირობითობის პრინციპი ამოქმედდეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით - მარინა კალიურანდი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. „ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ დროა, პირობითობის პრინციპი ამოქმედდეს“ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით, განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 7 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ვიდეოფორმატში გამართული დისკუსიის დროს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი საჭირო გახდება, თუ ისინი ვერ დაინახავენ ქართული მხარის პოლიტიკურ მზადყოფნას, რომ ევროკავშირის მიერ მათი რეფორმებისა და ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერას უპასუხონ.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები, რომელთაც აღნიშნეს, რომ წამყვანი ევროპარლამენტარების მიერ 1 აპრილს გავრცელებული წერილი მხოლოდ „ექვსი ან შვიდი“ ევროპარლამენტის მოსაზრებას ასახავდა. წერილის თანახმად, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

გუშინდელი დისკუსიის დროს ევროპარლამენტარ კალიურანდს 1 აპრილის წერილის კიდევ ერთი ხელმომწერი ანდრიუს კუბილიუსი დაეთანხმა. აღნიშნა რა, რომ განცხადებას ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებისა და დელეგაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, კუბილიუსმა თქვა, რომ „თუ ამ ტიპის განცხადებას ასეთი ჯგუფი აქვეყნებს, ჩვეულებრივ, მას ევროპარლამენტის უმრავლესობა უჭერს მხარს“.

კუბილიუსმა ასევე განაცხადა, რომ „ან საქართველო მოაგვარებს კრიზისს“, ან „მას მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა“. მან გაიხსენა, რომ ადრე ევროკავშირმა პირობითობის პრინციპი მოლდოვას შემთხვევაში გამოიყენა.

„იმდენ ხანს ვითმინეთ, რომ, ფაქტობრივად, ცოტა დაგვავიანდა განცხადების გაკეთება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელმა გუშინდელი დისკუსიის დროს და დასძინა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისს სტუმრობდა, ასევე იყო 1 აპრილის განცხადების ხელმომწერი.

„ევროპა უსასრულოდ ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებს და მედიაციას“, – გააფრთხილა მხარეები კალიურანდმა.