სამართალი
„ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები აქტივისტების დაკავების ფონზე დაიწყო

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პროტესტის ფონზე მიმდინარეობს - პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.

რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა არსებული კვლევების შესწავლისა და აღაიარების შემდეგ დაიწყება, ნათქვამია „ნამახვანი ჰესის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

3 აპრილს კომპანია „ენკა რინიუებლზის" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ადგილობრივ მოსახლეობას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მერაბ ლომინაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, ვიდრე ყველა კვლევა არ გადამოწმდება და დადასტურდება. ამის მიუხედავად, რიონის ხეობის მცველები კვლავ ინვესტორის ხეობიდან გასვლას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

„ახალი დირექტორი იყო ადგილზე მოსული და შეგვხვდა აქციის მონაწილეებს. მუქარის შემცველი საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ უნდა გააგრძელოს სამუშაოები, ძალიან კარგი იქნება, თუ არა და მაშინ საპოლიციო ძალებით აგვყრიან და გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილობრივებმა რამდენჯერმე სცადეს იმ ტერიტორიაზე შესვლა, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„გვაინტერესებს, ხეობაში რა სამუშაოების გაგრძელებას აპირებენ, გვინდა დავათვალიეროთ და პოლიციის ჯარი გვიდგას. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა და დასრულდეს ამ პროექტზე საუბარი. დაგვიბრუნონ ერთი ხელის მოწერით გასხვისებული მიწები“, – განაცხადა რიონის ხეობის მცხოვრებმა, სამოქალაქო აქტივისტმა მაკა სულაძემ.

რაც შეეხება აქციაზე დაკავებულ ორ პირს, შსს-ს ინფორმაციით, ორივე მათგანის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე კი — პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამცველები „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს. ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები უკვე 5 თვეზე მეტია მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეს პროტესტის 161-ე დღეა. პროტესტების შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები ცხრა თვით შეჩერდა და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.