საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა თბილისში ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ექსტრემისტული ძალები ცდილობენ დააზიანონ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.
"ამ ინციდენტს და ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის მიმართ ჩადენილ პროვოკაციას ერთი ჯაჭვის რგოლებად განვიხილავთ.
ამ მოვლენებს ვაფასებთ საქართველოს ექსტრემისტული ძალების მცდელობად, ხელი შეუშალონ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს", - აღნიშნულია მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ძეგლზე გაკეთებული წარწერების გამო აღშფოთებაა გამოხატული:
„აღშფოთებულები ვართ თბილისის ცენტრში გამოჩენილი რუსი მწერლისა და დიპლომატის ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლზე განხორციელებული ვანდალიზმის აქტის გამო. რაც უნდა იყოს ამ გამოხტომის ჩამდენის მოტივი, მას გამართლება არ აქვს. ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი ქმედება შეშფოთებასა და დაგმობას იწვევს.
ამგვარი ქმედებები მით უფრო მიუღებელია, თუ მხედველობაში მივიღებთ ალექსანდრე გრიბოედოვის მასშტაბსა და მნიშვნელობას როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების უმრავლესობა სოლიდარულია საქართველო-რუსეთის კავშირის განმტკიცებაში მისი ღვაწლის შეფასებისას", - ამბობს მარია ზახაროვა.
"რუსეთი ბოროტებაა" და ასევე პოზნერის შეურაცხმყოფელი უცენზურო წარწერა ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლზე იმ სამოქალაქო მღელვარების ფონზე გაჩნდა, რომელიც საქართველოში რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა. რამდენიმე საათში წარწერა ძეგლიდან თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ წაშალა.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი თბილისში თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 31 მარტს, ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტი მწვავე ფორმებით გამოხატეს. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოსa და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.