პუბლიკაციები
საქართველოში ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე საპროტესტო აქციით „მიულოცეს“

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პოზნერმა საქართველო დატოვოს, მათ კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, რომელშიც ის გაჩერდა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღეს, რომლის აღნიშვნაც მან საქართველოში გადაწყვიტა, ჩაშლის საფრთხე ემუქრება - მას საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ვლადიმირ პოზნერს 1 აპრილს 87 წელი უსრულდება, მასთან ერთად თბილისში დაახლოებით 50 მეგობარი და კოლეგა ჩამოვიდა.

საზეიმო ბანკეტამდე თბილისში რესტორან „ვინოტელთში“ ვახშამი იმართებოდა. რესტორანთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ პოზნერის მიერ ადრე გაკეთებულ კომენტარებს აფხაზეთთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ჩაშალეს ვახშამი. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს - 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

რესტორანი დააჯარიმეს 10 ათასი ლარით, ხოლო დააჯარიმებენ თუ არა ვახშმის მონაწილეებს, ჯერჯერობით უცნობია. პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის კორდონის გავლით მიიყვანეს ავტობუსებამდე, რომლებმაც ისინი სასტუმრომდე „რუმს ჰოტელამდე“ მიიყვანა, სადაც ისინი დაბინავდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა ამ სასტუმროსთან და მოითხოვს, რომ პოზნერმა საქართველო დატოვოს. მათ სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

კამპანია ვლადიმირ პოზნერის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში მის ჩამოსვლამდე დაიწყო. პირველმა ხმაური ატეხა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც მოუწოდა ხელისუფლებას არ შემოუშვას ის ქვეყანაში, რადგან მან „თავისი გამონათქვამებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ დააყენა“.

თავად ვლადიმირ პოზნერს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისში მის ჩამოსვლას უკავშირდება.

ჩამოსვლისას მან აეროპორტში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

„მე უკვე მესამე წელიწადია დაბადების დღეს თბილისში აღვნიშნავ. მე აქ ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნავად“, - განუცხადა პოზნერმა ჟურნალისტებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს პოზნერს ხუთშაბათისთვის, როდესაც საზეიმო ბანკეტი იგეგმებოდა.

sputnik-georgia.com