საზოგადოება
გიორგი გახარია - რადიკალიზმი ხელს უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისევ აცხადებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

გახარიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის თარიღს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს:

„ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია. საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს. 30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან...“, - წერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

გიორგი გახარია ეხმაურება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გარეშე დასრულებულ მოლაპარაკებასაც: „გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე".

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს და, რომ საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის.

რადიო თავისუფლება