სამართალი
ლევან ვეფხვაძე: „მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთი სახის ინფორმაციის გავლენის ქვეშაა“

vefxvadze_Lპარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლოებში საქმეების არარსებობაზე ისაუბრა და ეს ფაქტი მედიის თავისუფლების დადასტურებად შეაფასა. მინაშვილის ამ განცხადების პასუხად, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლებას ურჩია, გაიხსენოს ფაქტი, როდესაც ჟურნალისტმა სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით საქმე მოიგო.

„თუ არ იქნა პლურალისტური და თავისუფალი გარემო, თუ არ შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები სამაუწყებლო მედიაში, ბუნებრივია, ამ მხრივ არ იქნება მიღწეული მთავარი – როცა ადამიანს შეუძლია, მიიღოს ერთ არხზე ერთი ინფორმაცია, მეორეზე კი – მეორე. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც არ აქვს ზოგიერთი დამოუკიდებელი მაუწყებლის ყურებისა და მოსმენის საშუალება, ყოველთვის ერთი სახის ინფორმაციის გავლენის ქვეშ არის“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო მედიის თავისუფლების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმაც“, რომლის მონაცემებით, საქართველო „ნახევრად თავისუფალი მედიის“ მქონე ქვეყნების რიგებშია.