პოლიტიკა
ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. 31 მარტს, გვიან ღამით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქრისტიან დანიელსონმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

დანიელსონმა მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. მიუხედავად, იმისა, რომ შეთანხმების ჩაშლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს, ჩანს, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მათ პოზიციების შეჯერება მოახერხეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო მხარეებმა „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ახალი არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეთანხმების საბოლოო ტექსტში არ ჩაიწერა. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დროს „ყველა დარღვევასა და დაკავებაზე“ ამნისტიციის გამოცხადების გზით, დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს. ამ ეპიზოდში ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს.

ახლა დანიელსონი განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის ძალისხმევა.

„ეს არის გამოსავალი, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.

ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

დოკუმენტის მიხედვით, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე“. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს, ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა

დანიელსონის მიერ წარმოდგენილი ტექსტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. ამავე ტექსტის მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.

დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. აქედან პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ასევე ხმების 2/3-ით, ხოლო მისი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

ამასთან, უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

დოკუმენტის მიხედვით, მოქმედმა პარლამენტმა ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად უნდა დაამტკიცოს „ამბიციური“ სასამართლო რეფორმა.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. აგრეთვე, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შემდეგ სიიდან შეირჩევა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი.

მომავალი არჩევნები

დოკუმენტის მიხედვით, პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

„პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

წინაისტორია

ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თვის დასაწყისში მხარეებს შორის მედიაციის მისი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა.

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა იტვირთა. ღარიბაშვილმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან პოლიტკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის დიდმა ნაწილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მისი შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. ოპოციასა და მმართველ გუნდს შორის საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებები დაკემბრის დასაწყისში შეწყდა. მხარეებს შორის დიალოგი პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს განახლდა.

Civil.ge