საზოგადოება
პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით პარლამენტის შენობასთან „ფლეშ მობი“ გაიმართა

mediis_dgheპრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოში პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან „ფლეშ მობი“ გამართეს.

ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ ქართულ ბეჭდვით მედიას ეცნობოდნენ. აქციის მონაწილეებს ჟურნალ-გაზეთები კითხვის დროს ამოტრიალებული ეკავათ. მათი განმარტებით, „სახელმწიფოში, სადაც პრესის თავისუფლების ხარისხი დაბალია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით წაიკითხავს მას მკითხველი“.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ფლეშ მობის“ მიზანია, ალტერნატიული და ორიგინალური ფორმებით გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოში პრესის თავისუფლებისადმი და ხელი შეუწყოს ბეჭდვითი მედიასაშუალებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. „ჩვენი ამოცანაა, ამ ფორმით საზოგადოებასა და ხელისუფლებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა სახლი ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კერძოდ, გაერთიანებაში შედიან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური ცენტრი“ (GCRT), „საფარი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადამიანის უფლებათა და კონფლიქტების გაშუქების ცენტრი „კავკასია“.