პოლიტიკა
ავსტრია „სპუტნიკ V“-ის მილიონი დოზის შესაძენად რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ავსტრია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Sputnik V-ის მილიონი დოზის შესაძენად რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა ევროპის წამლების სააგენტოსგან ავტორიზაცია ჯერ არ აქვს მიღებული.

როგორც კანცლერის განცხადებაშია ნათქვამი, ვაქცინების საკითხი გეოპოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს.

ერთადერთი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული არის ის, არის თუ არა ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სებასტიან კურცის ადმინისტრაციის ცნობით, მოსკოვი მზადაა, ავსტრიას ვაქცინის მილიონი დოზა აპრილში მიჰყიდოს.

ავსტრიის კანცლერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული გაცხადების თანახმად, ევროპის წამლების სააგენტოს დაწყებული აქვს Sputnik V-ის შესწავლა.