ეს დღე 1991 წელს ნამიბიაში, ვინდხუკის დეკლარაციის საფუძველზე დააწესეს, ორი წლის შემდეგ კი ის გაერომ მსოფლიო პრესის დღედ აქცია. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაწესდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ დაიწყეს თავისუფლებისთვის ბრძოლა აფრიკის კონტინენტზეც. 1991 წელს მათ იუნესკოსთან თანამშრომლობით ნამიბიის სემინარზე ცნობილი ვინდხუკის დეკლარაცია მიიღეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასების 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 2009 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველო ამ მხრივ 4 ქულით დაწინაურდა და 55-ქულიანი შეფასება მიიღო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის თავისუფალი და ახლოსაა იმ ზღვართან, რომლის ქვემოთაც უკვე პრესის მდგომარეობის კუთხით „არათავისუფალი“ ქვეყნების ჩამონათვალი იწყება.196 გამოკვლეული ქვეყნიდან 2010 წლის განმავლობაში „არათავისუფალი“ აღმოჩნდა 63 ქვეყანა, 65 ქვეყანაში მედია „ნახევრად თავისუფალია“. მათ შორის არის საქართველოც.
ზოგადად კი, პრესის თავისუფლების დონემ მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაიკლო და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა გაეროს სამდივნომაც.
„როცა ხელისუფლება ავიწროებს თავის ხალხს, პრესის თავისუფლება მთავარი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ. გლობალიზაციის პირობებში, თანამედროვეობის პრობლემების ფონზე, ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა აერთიანებს ერებს საერთო ინტერესების საფუძველზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში, რომელიც პრესის დღის 20 წლისთავს ახალი დევიზით ხვდება: „ახალი ჰორიზონტები და ახალი ბარიერები“.
ამასთან, გაეროს ინფორმაციით, 2010 წელს ახალი მედიის 6 ჟურნალისტი მოკლეს. 2008 წელს ციხეებში უფრო მეტი ონლაინჟურნალისტი მოხვდა.