„ამერიკული სულის სურნელმა“ საქართველოში არცთუ სასიამოვნო არომატი დაატრიალა
70-იანი წლებიდან, რაც მსოფლიო „ამერიკული გლობალიზმის“ ტალღამ მოიცვა, ხშირად გაიგებთ ფრაზას – „ჩასწვდით ამერიკულ სულს“. ბილბორდებსა და სარეკლამო ბანერებზე განთავსებული ასეთი წარწერების გვერდით „მალბოროს“, კოვბოებისა და „ლაღად მცხოვრები ბედნიერი ამერიკელების“ მოღიმარი სახეები გვიმზერენ. ასეთი სარეკლამო ბანერის მიზანი ყველას იმაში დარწმუნებაა, რომ სადაც „ამერიკულმა სულმა“ შეაღწია, იქ სულ ბედნიერება და სიკეთე სუფევს. ეს რომ ასე არ არის, საქართველოს მაგალითიდანაც ვრწმუნდებით. სული, მისი გაყიდვა და „სულგაყიდული ადამიანის“ იარლიყი ჩვენში იუდას მიერ 30 ვერცხლზე გაყიდულ მაცხოვართან ასოცირდება. „ამერიკულ სულსაც“, თუ კარგად „ჩავხედავთ“, იქ ან სიცარიელეს, ან დიდი ფულის შოვნისა და სხვაზე ბატონობის სურვილს დავინახავთ. „თავისუფლების მაძიებელი ადამიანებისთვის“ ჩირაღდნით ხელში აღმართული „ამერიკის თავისუფლების სიმბოლო“ მსოფლიოს ხალხთა სიკვდილის სიმბოლოდ იქცა. ამერიკაც უკვე ბევრ ქვეყანასა და ხალხში არა თავისუფლების, არამედ მონობის, ხანძრების, ხოცვა-ჟლეტის, შიმშილისა და უბედურების სიმბოლოდ იქცა. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, სადაც ამერიკა „სამეგობროდ და დემოკრატიის ასაყვავებლად“ შევიდა და ეს ქვეყანა არ დაზარალდა. განსაკუთრებით, სულიერად, იდეოლოგიურად და ზნეობრივად. ამერიკამ კი პირიქით – ამ ქვეყნებში თავისთვის ხეირი არ ნახა.
„დემოკრატიის სახელით“ განხორციელებული „მეგობრული პროცესები“, სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური კურსის ცვლასთან ერთად, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების დაპატრონების მიზანსაც ისახავს. წამოწყებული ომები, ეთნოდაპირისპირებები, ჩადენილი დანაშაულებები ამ სუპერსახელმწიფოს ნიღაბს თანდათან ხსნის და კაცობრიობის „ოქროს მილიარდზე დაყვანის“ მისი სურვილიც აშკარა ხდება. არსებული რეჟიმის ხელისუფლების პირთა უმრავლესობას ამერიკულ კომაპანია „Peterson&belqnaf“-თან ჰქონდა ურთიერთობა. ეს კომპანია კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წიაღისეულისა და საბადოს კომპანიების გაკოტრებასა და მის „კაპიკებში“ შესყიდვას ეწეოდა. მსოფლიო პოლიტიკაში „ფლაგმანი სუპერსახელმწიფოს“ იმიჯის შესანარჩუნებლად ამერიკა იძულებულია, ხან – „გადამტვირთველის“, ხანაც „მშვიდობის მტრედის“ როლი ითამაშოს. ეს თამაშიც ხშირად ორმაგი თამაშის ფორმატში გადადის. რონალდ რეიგანს პრეზიდენტობისას ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტოლოგმა ძველი ქართული ანდაზა შეახსენა: „რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ასეა საქართველოსთან მიმართებაშიც. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაშიც ამიერკავკასია ის გზაჯვარედინი და „გასაღებია“, რომლის გარეშეც ამას „სუპერსახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე“ ვერცერთი ქვეყანა მიაღწევს. „ამერიკული სულის სურნელიც“, მრავალრიცხოვანი არატრადიციული სექტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების სახით, ამ სუპერსახელმწიფომ საქართველოში დიდი ხანია, დაატრიალა. ის არად დაგიდევს, რომ „ამ სურნელმა“ ერთობ არასასიამოვნო „არომატი“ და განწყობა წარმოშვა „სუნამოს ბრენდის“ მწარმოებლის მიმართ. ეს „პროდუქცია“ ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც ქართულთან საერთო მხოლოდ დაბადების ადგილი თუ აქვს. „ვარდების რევოლუციის“ სულისჩამდგმელი ხელისუფლების პირები დღესაც აცხადებენ, რომ „იმ გზას, რომელიც საქართველომ აირჩია და შეერთებული შტატებიც გვერდზე უდგას, საქართველო არასდროს გადაუხვევს“. მათ არც 2003 წელს და არც ახლა სურთ იმის დანახვა, რომ „ამერიკული სულით ცხოვრება“ საქართველოს არჩევანი არასდროს ყოფილა. ეს არჩევანი ხალხის ნაცვლად ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა გააკეთა. ხალხისგან დაუკითხავად გადადგმული ეს ნაბიჯი კი დამღუპველი აღმოჩნდა როგორც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ისე მისი ტრადიციული ფასეულობებისა და ცნობიერებისთვის. ქართველი ხალხის პოზიცია, როგორც ამ ჯგუფს სჩვევია, 2007 წლის არჩევნების დროსაც გაყალბდა. გაყალბდა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევანი, ისე „ნატოს“ მიმართ ხალხის დამოკიდებულებაც. რეალურად დაფიქსირებული 30%-ის ნაცვლად, „ნატოში“ შესვლის მსურველთა რაოდენობა ხელისუფლებამ 75%-მდე გაზარდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი (30%) კი იმ გატარებულმა პოლიტიკამ და იდეოლოგიის შედეგმა განსაზღვრა, რასაც გადატრიალების გზით მოსული პროამერიკული ჯგუფი საქართველოში დღემდე ახორციელებს. ეს არის ყველაფერ ტრადიციულთან, ეროვნულთან, ქართულ ისტორიასა და სარწმუნოებასთან ბრძოლა; „საქართველოს ისტორიის“ ხელახალი – 2003 წლიდან გადაწერის მცდელობა. 20-წლიანი შიდა დაპირისპირებების, სამოქალაქო ომის, კონფლიქტების, პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისებისგან გადაღლილი საზოგადოება უკვე საკმაოდ ფრთხილად უყურებს არჩევნებსა და ხელისუფლების ყოველ მორიგ ცვლას. პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსთა საქმიანობა, რომელიც საზოგადოებაში ცალსახად ანტიეროვნულ განწყობას იწვევს, ფაქტობრივად, გაშიფრულია. ჩანს, არსებული იდეოლოგიური კურსის შესანარჩუნებლად ამერიკის ადმინისტრაციამ ახალი ტაქტიკა შეიმუშავა. მისი წარმომადგენლები და დიპლომატები აკეთებენ განცხადებებს, რომ ამერიკა მხარს ხალხისა და საზოგადოების არჩევანს დაუჭერს, ჩვენ კი „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ამერიკული ფულით დაფინანსებულმა არასამთავრობო სექტორმა შესანიშნავად იციან, რომ ქართველი ხალხის უმთავრესი პროტესტი სწორედაც „ქართული სულის“ „ამერიკულით ჩანაცვლებამ“ გამოიწვია. ამას მოსახლეობის მხოლოდ ის მცირე პროცენტი არ ეთანხმება, რომელსაც პატიმრობაში მყოფი ახლობლების ბედი აშინებს ან სახელისუფლებო არხების პროპაგანდასაა აყოლილი, და ისინი, ვისი ოჯახის წევრებიც სახელისუფლებო სტრუქტურებში მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ. ამის გამო კი არსებული მდგომარეობის დაკარგვას მისი შენარჩუნება ურჩევნიათ. ასეთ განწყობას ისიც ქმნის, რომ ოპოზიციის იმედი, მიზეზთა გამო, საზოგადოებას ნაკლებად აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ კატეგორიაშიც კი გატარებული იდეოლოგიისა და პოლიტიკისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მაინც შეიმჩნევა. ხელისუფლების მომხრეთა რიცხვი თანდათან მცირდება, რადგან ყოველდღიურად მატულობს მათი რაოდენობა, ვისაც „ნაციონალების მსახვრალი ხელი არ გასწვდა“. მეტიც – კულუარული ხმები შიდასახელისუფლებო დაპირისპირებაზეც სულ უფრო მატულობს. ცხადია ისიც, რომ არჩეული კურსის გატარებისთვის აღებული ფინანსები პოლიტიკაში მყოფ ძველ და უკვე ოპოზიციაში გადასულ პირებსაც „დიდ ვალდებულებებს“ აკისრებს. იმისათვის, რომ მოპოვებული შეინარჩუნონ და მომავალშიც გააგრძელონ პოლიტიკური არსებობა, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთვის ახალი გეგმა შემუშავდა – საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შექმნილი „რვიანის ფორმატი“– რვა პოლიტიკური სუბიექტის ერთობა. „რვიანი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გასული წლის დეკემბრიდან აწარმოებს შეხვედრებს. „ამ ფორმატისთვის“ ამერიკის ადმინისტრაციამ 90 მილიონი დოლარი გამოყო (იგეგემება კიდევ უფრო დიდი თანხის გამოყოფაც). ამერიკის ელჩ ჯონ ბასის განცხადებებიდან ნათელი ხდება, რომ ეს 90 მილიონი „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი საერთო ღირებულებების პროგრამას წარმოადგენს“. 2011 წლიდან მომდევნო ოთხი წელი 2013-2014 წლებია. სააკაშვილის ხელისუფლებამ კი ამ ოთხი წლის განმავლობაში შესაძლოა, არაერთი უბდურება დაატეხოს საქართველოს თავს. რვა პოლიტიკური სუბიექტის მუშაობისთვის 90 მილიონის გამოყოფა, ერთი მხრივ, მათ მოსყიდვას, მეორე მხრივ კი, საპრეზიდენტო ვადამდე (შესაძლოა, შემდეგაც) სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობისა და, შესაბამისად, პოლიტიკურ-იდეოლოგიური კურსის გახანგრძლივებას ემსახურებოდეს. ვერც ქართული სახელმწიფო, ვერც საზოგადოება და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ხალხი არსებული რეჟიმის ყოფნას კიდევ ოთხი წელი ფიზიკურად ვეღარ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება, რომ ის ქართველი ხალხის „ბედზე ზრუნავს და დარდობს“, ისეთივე ბლეფია, როგორც დეკლარირებული „ამერიკული დემოკრატია“. საქართველოს მაგალითზე ასეა!
თავისთავად ცხადია, რომ სისხლისღვრასა და დაპირისპირებას მოსახლეობაც არჩევნების გზას ანაცვალებს. თუმცა სახელისუფლებო რესურსებით ჩატარებული არჩევნები შედეგს რომ არ მოიტანს, ყველას ესმის. სახელისუფლებო პიარტექნოლოგიის რესურსით, რეგიონებში არსებული საინფორმაციო ვაკუუმით კი იმავე იდეოლოგიური რეჟიმის მიღების ალბათობა კვლავაც დიდია. ჩანაცვლების პრაქტიკაც საქართველოსთვის უცხო არ არის. ოპოზიციას, მითუფრო, ამერიკული ფულით დაფინანსებულს, საზოგადოების ნდობის მანდატი აღარ გააჩნია. საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა დიდია. დაშინებისა და ტერორის მიუხედავად, ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად მზადაა. „რვიანის“ მიერ წარმოებული მოლაპარაკებები და შეხვედრებიც სამომავლოდ ადგილებისთვის ვაჭრობას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის მომავალზე ფიქრს. „მტერთან“, როგორც თვითონ ხელისუფლებას უწოდებენ, სალაპარაკოდ დაჯდომა შეიძლება და უნდა დაჯდე კიდეც. ასე ბევრი ჩვენი დიდი წინაპარიც და მეფეც იქცეოდა, მაგრამ „ამ მტერთან“ მისივე გაგდების საკითხებზე ვერ შეთანხმდები! თუ „რვიანის“ პარტიებისთვის ხელისუფლების დამოკიდებულება წინასწარვე ცნობილია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინიც ქუჩის აქციებს შეუერთდებიან ან მხოლოდ ამერიკული ფულის სანაცვლოდ მონაწილეობენ მოლაპარაკების პროცესებში. საზოგადოება კი თანდათან უფრო მეორე ვარიანტისკენ იხრება. ის ხედავს, რომ ხელისუფლება, რომელმაც უიარაღო, ხელებაწეული ადამიანებისთვის გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები „არ დაიშურა“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ახლაც ყველაფერზე წამსვლელია.
წარმოუდგენელია, ამერიკის ადმინისტრაცია ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდეს. ნოემბრის დარბევებისას ამერიკის მხრიდან უგულებელყოფაც კარგად ახსოვს ქართველ საზოგადოებას. ამან უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამერიკა, „კეთილი დემოკრატი ბიძიის ნიღბის“ მიუხედავად, ქართველთა შორის მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ისევ „კრავთა დუმილს არჩევს“. ეს ამერიკაში დაწერილი „ოქროს მილიარდის“ – კაცობრიობის შემცირების „გლობალისტური თეორიისკენ“ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
„დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის –ზვიად გამსახურდიას, დინების საწინააღმდეგოდ ცურვის“ მამაბუშისეული განცხადება ამერიკის დღევანდელ გეგმებსაც შიფრავს. საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერესი ამერიკას არც არასდროს ჰქონია და არც ექნება. მისთვის მთავარია, ამიერკავკასიაზე გავლენის მოპოვებით რუსეთს გავლენის ბერკეტები აართვას. მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკის ხელდასხმით მოქმედი პოლიტიკოსები რუსეთთან ურთიერთობებს რა ფორმით და როგორ გაამწვავებენ, „ამერიკის ზურგით“ რა რეფორმებს გაატარებენ საქართველოში. მთავარი ამ შემთხვევაში „რუსეთის დაჩოქებაა“ და არა ის „მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა“, რომლის დეკლარირებასაც ამერიკა მეშვიდე წელია, ეწევა. „მეგობარი“, „ერთგული პარტნიორი“ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ქართული გენოფონდის ერაყსა და ავღანეთში გაწყვეტასაც „კვერს არ დაუკრავდა“, არ მოიწონებდა; მრავალსაუკუნოვანი ენის ერს „ინგლისურით ექსპანსიას“ არ მოუწყობდა, თანაც, მაშინ, როცა ხელისუფლებაზე მიყიდული ადამიანები რუსეთის მხრიდან დაწყებულ ექსპანსიად და ოკუპაციად, პირველ რიგში, რუსულენოვან წარწერებსა და რუსულად საუბარს ასახელებენ. არსებულმა ხელისუფლებამაც საქართველოში მცხოვრები ადამიანის „წარმატების ფორმულად“ არა მშობლიური ენის ცოდნა, განათლება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება დაასახელა, არამედ – კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნა. ამგვარად, უცხო ქვეყანას მხოლოდ მტერი ექცევა ასე, „საკუთარს“ კი – მხოლოდ სხვა ქვეყნის ჯაშუში და იმ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ხელისუფლების მხრიდან დაუსრულებლად „კუდიანებზე ნადირობა“– რუსეთის აგენტების ძიება, სხვა არაფერია, თუ არა მისი მხრიდან საკუთარი – ამერიკისა და, შესაძლოა, ორმაგი აგენტობის დამალვის მცდელობა.
დღევანდელი თანამდებობის პირთა უმეტესობას რაღაც დროის პერიოდში სწორედ ამერიკაში აქვს „სწავლა-განათლება“ მიღებული. პოლიტიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კი, განურჩევლად ქვეყნისა, აგენტსა და ჯაშუშს საქართველოსთვის ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს – ის სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მუშაობს. სწორედ ეს არის ის „იუდას ვერცხლი“, რომელსაც კაცობრიობისთვის უბედურების გარდა არაფერი მოუტანია.
ბაია ამაშუკელი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“