საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი სეზონს 3 აპრილს გახსნის - წარმოდგენილი იქნება საპრემიერო სპექტაკლი ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თეატრში ჩაიფიქრეს ძალადობის თემაზე ტრილოგიის დადგმა. ამ ტრილოგიის პირველი ნაწილი გახდა ლევ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“, რომელიც ოჯახური ძალადობის თემას მიეძღვნა.
რეჟისორების - ლევან წულაძის და თემო კუპრავას - ჩანაფიქრით, ტრილოგიის მეორე ნაწილი, დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, მოწოდებულია აჩვენოს „ძალადობის საშუალებით წარმატების მიღწევის და შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილი და ამავდროულად მისი დამანგრეველი ძალის სირთულე“.
„პანდემიის პერიოდმა გვაიძულა ამ სპექტაკლის რეპეტიციები 9 თვის განმავლობაში გაგვეგრძელებინა. დრომ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მოგვცა ამ გენიალურ ნაწარმოებს საფუძვლიანად ჩავღრმავებოდით, ამით დიდი საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენს თავს, ინტელექტუალებს და არა მხოლოდ მათ...“, - ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.
რასკოლნიკოვის როლს ასრულებს პაატა პაპუაშვილი, სონიასი - ანუკა გრიგოლია. დადგმაში ასევე მონაწილეობენ ნიკა კუჭავა (პორფირი), ლელა მებურიშვილი (დუნია), გიორგი კიკნაძე (რაზუმიხინი), თამარ ბუნიკაშვილი (ალიონა ივანოვნა) და სხვ.
დადგმის საპრემიერო ჩვენებები 3, 4, 10 და 11 აპრილს გაიმართება. სპექტაკლი დაიწყება 16:00 საათზე, ხანგრძლივობა - 170 წუთი ანტრაქტის ჩათვლით.
საინტერესოა, რომ თეატრში ტრილოგიის მესამე ნაწილზე ჯერ ფიქრობენ, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება იყოს დოსტოევსკის „ეშმაკნი“, რომელიც ძალადობას სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში წარმოაჩენს.