საზოგადოება
Freedom House-ს მსოფლიო პრესის თავისუფლების ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.
2 მაისს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2010 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველო 118-ე ადგილზეა 55 ქულით. 2009 წლის ანალოგიურ კვლევაში საქართველოს 126-ე ადგილი ეკავა 59 ქულით.
Freedom House-მ ბოლო კვლევაში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება დაუკავშირა „უკეთეს პოლიტიკურ გარემოს, რასაც შედეგად მოჰყვა ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნის შემცირება, ოფიციალური ცენზურის ნაკლები შემთხვევები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის უფრო დაბალანსებული გაშუქება“.