როგორც ცნობილია, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება. ექიმები აცხადებენ, რომ მისი გადარჩენის შანსი გაჩნდა, რის გამოც ახლობლების გადაწყვეტილებით, პაციენტი შესაძლოა, უცხოეთში გადაიყვანონ.
ღუდუშაურის კლინიკაში ამ დრომდე იმყოფებიან შსს-ის მაღალჩინოსნები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი გამსახურდია, კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურია, ასევე, რამდენიმე სპორტსმენი და სხვა ცნობადი სახეები.როგორც ადგილზე მყოფმა შსს-ის ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, თუმცა გამოძიება არც თვითმკვლელობის და არც მკვლელობის მცდელობის ვერსიებს ამუშავებს, რადგან სანოძეს წუხელ, 24.00 სთ-ის შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში კუთვნილი ტაბელური იარაღი გაუვარდა.
რაც შეეხება დაჭრილის უცხოეთში შესაძლო გადაყვანას, ხიზანიშვილის თქმით, ამ მხრივ სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის.
აღსანიშნავია, რომ შსს-ის მაღალჩინოსანი ვასილ სანოძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მოექცა. სანოძე იმ პირთა შორისაა, რომელთა გვარებიც სწორედ ამ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ის მაღალჩინოსნებს – ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძესა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს – თაკო სალაყაიას ასახელებდა.