საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე ინფორმაციით, უმრავლესობა ე.წ. ბრიტანულ შტამს განეკუთვნება.
„ქვეყანაში 50-მდე ახალი შტამის შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ძირითადად არის ბრიტანული. ამ შტამს ევროპაში ფართო გავრცელება აქვს, ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ კვლევების მიხედვით, დღევანდელი ვაქცინები, რომლებიც ადმინისტრირდება, ამ შტამს ფარავენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევებს, გამყრელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ნიმუშზე მიმდინარეობს კვლევა. მისივე თქმით, რეინფიცირების დადასტურებულ შემთხვევას კიდევ რამდენიმე ერთეული დაემატება.
„კვლევაში რამდენიმე ნიმუშია. საბოლოო დადასტურება არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მატება გვექნება. რა თქმა უნდა, ათობით არა, მაგრამ რამდენიმე ერთეული დაემატება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.