სამართალი
ლეიბორისტები ხელისუფლებისგან ებრაელებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

kaxa1_zagania„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია საქართველოში ისრაელის ელჩ იცხაკ გერბერგს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძაგანიამ ელჩს ებრაელი ბიზნესმენების – ზეევ ფრენკიელისა და რონი ფუქსის უკანონოდ დაპატიმრებასთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ წერილი გადასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და მისი საპარლამენტო ჯგუფი გმობს სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმის მიერ ებრაელი ბიზნესმენების უკანონოდ დაპატიმრებას, რაც ბიზნესმენების ჩამოტყუებითა და, ფაქტობრივად, მძევლად აყვანით განხორციელდა.

„სამწუხაროდ, ანტისემიტური ელემენტები სააკაშვილის პოლიტიკაში სიახლე არ არის და დაიწყო ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილის არაადამიანური დევნით, რაც დასრულდა უაღრესად სამწუხარო ტრაგედიით. ჩვენ მოვითხოვთ უკანონო პატიმრების – ფრენკიელისა და ფუქსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საქართველოს ხელისუფლებისგან მოძმე ებრაელი ხალხის წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდას“, – აცხადებენ ლეიბორისტები.