კუდ-მა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელები დააკავა
საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელების კორუფციული გარიგებები გამოავლინა ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რის გამოც რამდენიმე გუნდის ფეხბურთელი დღეს დილით დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმელის შენობაში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლექსო თოფურიძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გამოვავლინეთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ მიერ გამოვლენილ იქნა საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის „ბაიას“ კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, რომლებიც სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებებში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან... დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს. ამგვარად, გამოვლენილ იქნა შემდეგი თამაშები: 2011 წლის 15 აპრილს გამართული „სამტრედიისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 ათასი ლარი; 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ზუგდიდის „ბაიას“ შორის, რომელშიც „ბაიას“ გუნდმა აიღო 12 ათასი ლარი; 2011 წლის ჩატარებული თამაში თბილისის „ვიტ ჯორჯიასა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის, სადაც „ვიტ ჯორჯიას“ გუნდმა აიღო 20 ათასი ლარი. ძიება გრძელდება, ძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი“. დაკავებული ფეხბურთელები – გიგა ბეჭვაია („ვიტ ჯორჯია“), როინ ონიანი, ლევან ვართაგავა (ორივე „ბაია“), სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე (ორივე „სამტრედია“) ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებული არიან და უკვე დატოვეს მოდულის შენობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეშია გარეული, უმკაცრესად დაისჯება. „მოგესალმებით, ყველამ იცით, რა ფაქტი მოხდა... სამწუხარო ფაქტი ქართულ ფეხბურთში. გამოვლინდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ჩაატარეს მოლაპარაკებები სხვადასხვა კლუბთან და გაიყიდა თამაშები. ჩვენ, ბოლო ერთი წელიწადია, ვებრძვით სამსაჯო კომიტეტს, რათა გამოვავლინოთ მსაჯები, რომლებიც შელაპარაკებაში შედიან ფეხბურთელებთან. აქ, თურმე, ჩვენი ფეხბურთელები ყოფილან ერთმანეთში მოლაპარაკებული, იციან, რამდენი ყვითელი იქნება, რამდენი აუტი და ვის როგორ გამოცვლიან. შემიძლია, გითხრათ, რომ უკვე გავამზადეთ წერილი, რომელსაც უეფასა და ფიფას გავუგზავნით მომხდარზე და მივიღებთ ზომებს იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ, ვინც გარეული იყო ამაში. არ მგონია, საუბარი იყოს მარტო 4 და 5 ფეხბურთელზე. აქ, ჩემი აზრით, გუნდებზეა ლაპარაკი. ეს მარტო ოთხი ფეხბურთელით არ გამოიკვლევა. ფეხბურთის ფედერაციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ეს გამოავლინა. პირადად, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი, რომელიც მზად არის, გაყიდოს საკუთარი გუნდი, ის გაყიდის თავის ქალაქსა და თავის ქვეყანას. როცა ჩვენს ნაკრებს ფეხბურთელები სჭირდება, ესენი იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ თავი მოაწონონ ვინმეს და მწვრთნელებმა ნაკრებში გამოიძახონ, არამედ იმაზე, თუ რამდენი აუტი გადააგდონ და კუთხური მოაწოდონ. რაც იქნება ფიფასა და უეფას მიერ ყველაზე სასტიკი გადაწყვეტილება და მოთხოვნა, რეგლამენტის მიხედვით, ის გატარდება ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც ამაშია გარეული. – ეს ამბავი აქამდე თუ იყო ცნობილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, თუ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების ძიების შედეგად გახდა ცნობილი... სანქციები გატარდება მხოლოდ ფეხბურთელების, თუ კლუბების მიმართაც? – ის, რომ რაღაც ხდებოდა ჩვენს ჩემპიონატში, ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ რა და როგორ, არ ვიცოდით. დაისჯება ყველა – კლუბი, წარმომადგენელი თუ ფეხბურთელი, ვინც იქნება ამ საქმეში ჩარეული. ის ფეხბურთელები, ვინც დაიჭირეს, აისბერგის თავია მხოლოდ, ჩვენ უნდა გამავარკვიოთ ყველა, ვინც ამაში იყო ჩართული. მწვრთნელი იქნება ეს თუ სხვა, ვინც უნდა იყოს, ყველა უნდა დაისაჯოს. ვიბრძვით მსაჯობის პრობლემების აღმოსაფხვრელად. ონიანი, რომელიც გამოდის და მსაჯს ეკამათება და ამბობს, რომ მათ შეუქმნეს პრობლემები – ზუგდიდის „ბაიამ“ რაღაც რომ ვერ შეძლო, აგერ არის ფაქტი. რომელი მსაჯი იყო იქ დამნაშავე?! ჩვენ რომ ვიწყებთ შეკრებას ფედერაციაში, ყოველთვის ლაპარაკია მსაჯებზე და პრეტენზიები გვაქვს მათთან. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში არავის გამოუგონებია ასეთი რამ, „გამაზვა“ ყველგან მიდის შედეგზე, აქ კი – ყვითლებზე, შეცვლასა და კუთხურებზე. – ყველა დაკავებული ფეხბურთელი გამოშვებულია. ვიდრე გამოძიება მათ ბრალეულობას დაამტკიცებს, ექნებათ თუ არა მათ თამაშის უფლება? – დარჩენილი ტურები ჩვეულებრივ ჩაივლის, 4-ში თასის თამაშიც გაიმართება. გუნდებს არაფერი ემუქრებათ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ვიმსჯელებთ და 6 საათამდე რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებულ სანქციას დავაწესებთ.