საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, რუსისტმა მარია ფილინამ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა საქართველოში თანამედროვე რუსისტიკის პრობლემებზე, სად შეიძლება სლავისტიკის შესწავლა და ვინ აბარებს ამ სპეციალობაზე.
რუსისტიკა - ეს არის მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რუსულ ენას, კულტურასა და ლიტერატურას, რუსი ხალხისა და ისტორიის შემსწავლელ მეცნიერებებს, დისციპლინების სწავლების მეთოდიკას. რუსისტიკა სლავისტიკის შემადგენელი ნაწილია.
ფილინას სიტყვებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვის ფუნქციონირებდა მდიდარი ტრადიციების მქონე რუსისტიკის ცენტრი რუსული ენის რამდენიმე კათედრით და რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრით. თუმცა დღეს ამ მიმართულების ფორმატი უმაღლეს სასწავლებელში მცირედით შეიცვალა. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტი ცდილობს შეინარჩუნოს ენა, რადგან რუსისტიკა ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ნაწილად ითვლება.
„ვცდილობთ, ეს ყველაფერი ამა თუ იმ ფორმით შევინარჩუნოთ. და უნდა ითქვას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამას ხელს უწყობს, - ამბობს ფილინა. - მაგრამ, სამწუხაროდ, რუსული ცენტრებისგან იზოლირებული ვართ. და ეს ჩვენი დიდი პრობლემაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, კონტაქტები - ადამიანური, სამეცნიერო - შემორჩენილია და გვეხმარება არა მარტო ფუნქციონირებაში, არამედ წინსვლაშიც“.
პროფესორის სიტყვებით, რუსისტიკა ამა თუ იმ ფორმით ისწავლება საქართველოს ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტი, ბათუმისა და ქუთაისის, ასევე გორის უნივერსიტეტები.
ბუნებრივია, იბადება კითხვა - ვინ სწავლობს თანამედროვე საქართველოში პროფესიულ დონეზე რუსულ ენას? რუსისტი მარია ფილინა იმ სტუდენტებს, რომლებიც რუსულენოვან პროგრამებზე აბარებენ, კატეგორიებად ყოფს.
აღმოჩნდა, რომ კურსდამთავრებულებს შორის არიან სტუდენტები ქართული ოჯახებიდანაც, რომლებმაც, ფილინას თქმით, სკოლა რუსეთში დაამთავრეს და სამშობლოში 2008 წლის მოვლენების შემდეგ დაბრუნდნენ.
აქ აბარებენ ასევე ბავშვები, რომლებმაც რუსული სკოლა საქართველოში დაამთავრეს, სტუდენტები მარნეულიდან, ახალციხიდან, ბოლნისიდან, ასევე მეზობელი ბაქოდან და ერევნიდან. პროფესორის სიტყვებით, ასეთები ცოტანი არიან.
„იქნებ ეს უცნაურია, მაგრამ რუსული ფილოლოგიის მიმართ ინტერესს ის ბავშვებიც იჩენენ, რომლებსაც ქართული სკოლები აქვთ დამთავრებული. ისინი ქართულენოვან პროგრამაზე აბარებენ“, - ამბობს ფილინა.
ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი განაგრძობს სხვადასხვა ქვეყანაში უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, მაგალითად, გერმანიაში შილერის სახ. იენის უნივერსიტეტთან. მოქმედებს სტუდენტების გაცვლითი პროგრამები პოლონეთის უნივერსიტეტებთან, ასევე ერევნის უნივერსიტეტთან.
გაცვლითი პროგრამების არარსებობა რუსეთთან უარყოფით გავლენას ახდენს ქართველთა შორის რუსული ენის განვითარებაზე, დარწმუნებულია ფილინა. არადა გაცვლითი პროგრამები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან საკმაოდ ხშირია.
„პოლონისტიკის განვითარებას ხელს უწყობს პოლონეთის სახელმწიფო, მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც, - ამბობს ფილინა. - ჩვენ კი ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს? მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის. მაგალითად, სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ გერმანულს, ინგლისურს, შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ევროპისა და აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში წასვლა ერთი-ორი სემესტრით. ჩვენთან რუსული ფილოლოგიის სტუდენტებს ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ“.
დღეს სლავისტიკის ინსტიტუტი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებობს. აქ მოქმედებს რუსისტიკის ორი პროგრამა - რუსულ და ქართულ ენებზე. უნივერსიტეტში ენის ცენტრიც ფუნქციონირებს.
ყველგან გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ, ამბობს ფილინა. პროფესორის სიტყვებით, უმაღლესის ამოცანა ძლიერი ფილოლოგების მომზადებაა, რომლებიც შემდეგ რუსულ ენას პროფესიულ დონეზე შეასწავლიან მოწაფეებს.
ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია პროფესორი, ენის კათედრის გამგე, დავით გოცირიძე. უმაღლესში მუშაობენ პროფესორები ნატალია ბასილაია, მარინა ალექსიძე, მაია თუხარელი, ნათელა ჭოხონელიძე, ნოდარ ფორაქიშვილი და სხვ. ლიტერატურის ისტორიას ასწავლიან პროფესორები ილონა ძნელაძე, ქეთევან შოშიაშვილი, ახალგაზრდა სპეციალისტები სალომე ბედუკაძე და ანა ავაკოვა.
საქართველოში რუსისტიკის სპეციალობას ყოველწლიურად 15 სტუდენტი ამთავრებს.
Sputnik-Georgia