უნუგეშოდ მიტოვებული „ნუგეში“
კომპანია „ნუგეშის“ ადმინისტრაცია დიდდიღმელ მომხმარებელს 1მაისს სანიტარიულ დღესთან დაკავშირებით ჯიხურის დაკეტვის გამო ბოდიშს უხდიდა: „კვირას, 1 მაისს, სანიტარულ დღესთან დაკავშირებით კომპანია ნუგეშის ქსელი 1 დღით წყვეტს მუშაობას, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს!!!“ სხვა საქმეა, რამდენად გაამართლა ქსელმა, ოდნავ მაინც შეღავათი გაეწია სოციალურად დაუცველი მომხმარებლის ჯიბისთვის, თუმცა ამჯერად საქინფორმის ყურადღება დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურის მდგომარეობამ მიიქცია. უბრალოდ, უხერხულია, ამგვარ განცხადებებს აკრავდე ჯიხურის კედელზე და დახლთან მისასვლელი ანტისანიტარიულად გამოიყურებოდეს. ჯერ ერთი, ასე თუ ისე, მიუხედავად მიმდებარე სუპერმარკეტების პროდუქტისაგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ფასებისა, და ზოგჯერ აღმატებულისაც (შაქარი – 2,05 ლარი, პური – 0,50 ლარი, მაწონი (0,5 ლ) – 1,40 ლარი, ხაჭო (200 გრ) – 1,55 ლარი, ზეთი „ოლეინა“ – 3,75 ლარი, ბორჯომი (1 ლ) – 1,05 ლარი, ლიკანი (1,25 ლ) – 0,85 ლარი, ბრინჯი – 1,60 ლარი, კარაქი „ეკოფუდი“ – 1,30 ლარი, წიწიბურა – 4,10 ლარი), ჯიხურთან რამდენიმე კაცი ყოველთვის დგას რიგში.
თუ ადრე მერია ჯიხურების მფლობელებს მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავესაც სთხოვდა, ეს არ იგრძნობა ახლა თავად მის მიერ განთავსებული ჯიხურების წინ. დახედეთ ფოტოს და თავად მიხვდებით – რომელ სანიტარიულ დღესთან დაკავშირებით იყო დაკეტილი ჯიხური და სად იყვნენ დასასუფთავებლად წასული, როცა ნაგავი ცხვირწინ ეყარათ?
ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომხმარებელმა, რიგში დგომისას, ტალახისა და გუბეებისთვის თავის არიდების მიზნით, თავად მოზიდა იქ მუყაოს ყუთები, „ჟამთა სვლამ“ კი ეს ყველაფერი ნაგვად აქცია და ჯიხურთან „თვითშემოქმედებით ატრიბუტსაც“ თვალი შეეჩვია. ობიექტის ნაჩქარევად დადგმისას არც სიმყარეა გათვალისწინებული და არც მისასვლელ ბილიკზე უზრუნია ვინმეს. მით უარესი მერიისთვის.
ნაკლები ტექნიკური დანახარჯებით მოსახლეობის ნერვებზე ეკონომიით მერია შორს ვერ წავა... თუმცა... ჯერ კიდევ შორია არჩევნებამდე.