აღნიშნული გადაწყვეტილება „სახალხო კრების“ წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა დღეს კრების მთავარ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმიანა, რომლის განმარტებით, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.
აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებით, 21 მაისს კრების თბილისის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები მხარდამჭერთა შეკრებას ფილარმონიის წინ უზრუნველყოფენ, აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგობის კომიტეტები – ავლაბრის მოედანზე, ხოლო დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგობების კომიტეტები – „ვარდების მოედანზე“. იმავე დღის 15.00 საათზე კრების ყველა მხარდამჭერი თავისუფლების მოედანზე მოიყრის თავს.მხარდამჭერთა შეკრებას აჭარისა და გურიის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებიც უზრუნველყოფენ, რომლებიც ბათუმში, ერას მოედანზე, აქციას გამართავენ. სამტრედიის, ხაშურის, ხარაგაულისა და ზესტაფონის კომიტეტები კი მხარდამჭერებს ადგილზევე შეკრებენ.
კოლონების გადაადგილებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას „შეფიცულთა“ ჯგუფები უზრუნველყოფენ, 21 მაისამდე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას კი – სახალხო კრების შტაბი.
კრების აღმასრულებელი საბჭო დარწმუნებულია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და რეალურად უნდათ ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში საკუთარი ხალხის გვერდით დადგებიან.
„სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება. ამიტომ ხალხს დარჩა ერთადერთი გზა – გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციის მე-5 მუხლით გარანტირებული და მინიჭებული უფლება – თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის ფორმების გამოყენებით. ვაცხადებთ საბოლოო ბრძოლას სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლების მიზნით. ვიწყებთ საერთო-სახალხო გამოსვლებს, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების აღსადგენად მივმართავთ სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმასა და მეთოდს, ძალა ხალხშია!“ – ნათქვამია „სახალხო კრების“ განცხადებაში.