თბილისში სუამ-ის (2-4 მაისი) სამიტი იმართება, რომელიც 4 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.
სამიტში სუამ-ის ქვეყნებში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, სულ 40 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
სამიტის მონაწილეები დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს შეხვდებიან.ხვალ, 3 მაისს კი, სასტუმროში – „ჰოლიდეი ინ“ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი სუამ-ის სამიტს ოფიციალურად გახსნის.
სამიტზე დელეგატები ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პროგრამებში სუამ-ის სახელმწიფოების აქტიურ მონაწილეობაზე იმსჯელებენ, ასევე, ახალგაზრდობის სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს მიმოიხილავენ.
ფორუმის ფარგლებში ახალი პროექტების დაგეგმვა და ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაც იგეგმება.
სამიტი ახალგაზრდობის სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, სუამ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
დელეგატები კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.