პრეზიდენტი სააკაშვილი ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაულს მიულოცავს
ქუთაისში დღეს ქალაქის დღესასწაული – ორმაისობა – აღინიშნება. ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთაც საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვა სტუმრები და, წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრებიან.
10.00 საათზე ქუთათურებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე დალოცავს, რის შემდეგაც ქალაქის ყველა ტაძარში ზარები დაირეკება. 12.00 საათზე ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის წინ, თეატრალიზებული კარნავალი მოეწყობა. ამავე დროს, ქალაქის მერიაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიღება გაიმართება. 15.00 საათზე საგამოფენო დარბაზი „ვარლა“ საგაზაფხულო გამოფენას უმასპინძლებს, ხოლო წმიდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლას ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ესტუმრება, რომელიც პროექტ „50 შტატის“ პრეზენტაციას დაესწრება. 16.00-19.00 სთ-ზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლები, ასევე, ჯგუფები „მგზავრები“ და „შინ“ მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, საღორიის ტყეში სპორტული შეჯიბრებები გაიმართება. 20.00 საათზე კი ქუთაისში პერფორმანსია დაგეგმილი. 22.00 საათზე საზეიმო ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ფოიერვერკით დასრულდება.