საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. პირბადის ტარებით პატივს სცემ გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითავისონ, რომ პირბადის ტარება ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.
„62-ზე არის ჩამოსული პირბადეების სწორი მოხმარება. რაც უფრო მეტი ადამიანი არ დაიცავს ამ წესს, მით მეტი შანსი იქნება, რომ კორონავირუსი ისევ შემობრუნდეს, მით უმეტეს, შეზღუდვების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე პრაქტიკულად მოიხსნა, მალე იხსნება. ამ პირობებში პირბადის მოხმარება უნდა გაიზარდოს. საჭიროა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ ეს უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ურთიერთპატივისცემის გამოხატვა, როდესაც ზრდილობიანი ადამიანი პატივს სცემს მეორეს, პირბადის ტარებით პატივს სცემ გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას. ვაქცინაცია რომ დასრულდება, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ პირბადეების არასავლდებულო ტარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს, პაატა იმნაძე ამბობს, რომ შემსუბუქების ფონზე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების დრამატული მატება არ არის.
„იცით, ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას სჭირდება დაახლოებით ორი კვირა, რომ გამოჩნდეს ამისი შედეგები. ჯერჯერობით არ არის ცუდი შედეგები ის გახსნები, რაც იყო ქვეყენაში. ამ გახსნების ფონზე არ ხდება დრამატული მატება შემთხვევების. შემთხვევების მატებას ველოდებით, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერი“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის თქმით, ვაქცინაციის თავდაპირველი შედეგი იქნება ჰოსპიტალიზებული და გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის შემცირება, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში კი ის დაავადების გავრცელების შემცირებას უზრუნველყოფს.
„ინდივიდუალური შედეგები დღესაც ჩანს, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ვაქცინაციის საზოგადოებრივი შედეგი. ისრაელში თითქმის 90 პროცენტი აცრილია ერთი დოზით, ემირატებში სადღაც 60 პროცენტი არის აცრილი ერთი დოზით. იქ შეიძლება, მალე დავინახოთ ვაქცინაციის საზოგადოებრივი შედეგები. პირველი შედეგი იქნება ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, ხოლო ნაკლები ავადობა იქნება მომავლის შედეგი.
ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ ზუსტი მონაცემები, რამდენი ხანი რჩება ინფექციის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი. მით უმეტეს, რეინფიცირების შემთხვევები არის მსოფლიოში და უკვე ჩვენთანაც არის ასეთი საეჭვო შემთხვევა. იმუნიზაციის შემდგომ რამდენი რჩება იმუნიტეტი, ახალი დაწყებულია იმუნიზაცია და ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის“, – განაცხადა იმნაძემ.