საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს ამ დროისთვის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არსებული ვითარებაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ინფექციის მართვის და ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

„გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად. ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახან გამოჩნდა „ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინა და იმედი გვაქვს, უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდოვის, უკრაინისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.