პოლიტიკა
გიორგი სტურუა: ილია და სოსელო

   ამჯერად თვითონ გადაწყვიტა პირადად ხლებოდა „ივერიის“ რედაქტორს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის მსმენელი და უშუალოდ მისთვის გადაეცა ლექსი,რომელიც საპროგრამოდ მიაჩნდა. 1895 წლის დეკემბერი იწურებოდა.

   ილია ჭავჭავაძე მაშინ 58 წლისა ბრძანდებოდა. გასროლამდე, აგვისტოს ხვატით დახუთულ წიწამურთან რომ გაისმა, ჯერ კიდევ 12 წელი იყო.

   სოსო ჯუღაშვილს კი იმ დღეს, 1895 წლის 21 დეკემბერს, ზუსტად 16 წელი შეუსრულდა.ცხოვრების გზა უკვე არჩეული ჰქონდა, აკი თვითონ წერდა ამის შესახებ მოგვიანებით:

   «В революционное движение я вступил с 15-летнего возраста, когда я связался с подпольными группами русских марксистов проживающих тогда в Закавказье. Эти группы имели на меня большое влияние и привили мне вкус к подпольной марксистской литературе.»1 (1. И.В.Сталин. Краткая биография, М., 1948,с.8)ე

   … და მაინც, ილია მისთვის ერთადერთი ღმერთი, შეუვალი ავტორიტეტი იყო.

   ლექსი, რომელიც სოსომ მრავალგზის შეასწორა და გადაწერა თავისი გაკრული, მტკიცე ხელით, მომავალი სტალინის ხასიათს რომ მიანიშნებდა, შთაგონებული იყო მაცხოვრის განსაცვიფრებელი ხვედრით, მისი ლოცვით: „ მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი: თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ.“2 (2. ბიბლია. საქართელოს საპატრიარქო, თბ., 1989, გვ. 987). და კიდევ ილიას წინასწარმეტყველური ლექსით, რომელიც მან წიწამურამდე თითქმის ნახევარი საუკუნით ადრე დაწერა, როცა სულ 21 - სა იყო.

                 „ლოცვა

   მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა“: არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,არ მინდა,ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა..., არამედ  მსურს მე განმინათლდეს ცით  ჩემი სული, შენგან  ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“3 (3. ილია ჭავჭავაძე. რჩეული ნაწარმოებები, ტომი 1, თბ., 1985, გვ.35.)

    ზოგს ჰგონია, რომ ილიამ მისი ვერაგული მკვლელობის წინადღეებში დაწერა ეს ნათელმხილველი ლექსი და არა 49 წლის წინ თავის მოწამებრივ აღსასრულამდე. ასევე ბევრს ჰგონია, რომ აკაკის გასაოცრად დაუნდობელი სტრიქონი: „ ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!“ პოეტმა ილიას მკვლელობის შემდეგ დაწერა. სინამდვილეში ლექსი „ვედრება“ დაწერილია 1864 წელს, ესეიგი, ილიას მკვლელობამდე 43 წლით ადრე. აი, ეს სტროფი:

                                     “უნდა  ჩავყლაპო სიტყვები ძალით,

                                      გულს თუ დამადგა, ვერც დავახველო...

                                       ამას კი ვიტყვი, გინდა მომკალით:

                                       „ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!“

   თექვსმეტი წლის ჯუღაშვილმა შესანიშნავად იცის არჩეულ გზაზე რა ელის, რა ძალებს უნდა შეეჭიდოს გორელი მეწუღისა და მრეცხავის შვილი. ისიც კარგად იცის მაცხოვრისა და ილიას მაგალითზე ( ილია ჭავჭავაძეს უკვე თავს ესხმიან ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე), რომ ხალხი, ბრბო ძალზე იოლად ციურ „ოსანას“ გალობიდან გადადის ღრიალზე:“ჯვარს აცვუ ეგე!“ ამიტომაც ლექსში, რომელიც სოსოს მიაქვს „ივერიის“ რედაქციაში, არ არის ქრისტესა და ილიას მიმტევებლობა მათ მიმართ, ვინც „გულს ლახვარი ჰკრეს“ ღმერთსა და ღმერთკაცს.

   აი, რა უნდა შესთავაზოს თავის კერპს 16 წლის „სოსელომ“:

                            ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,

                            კარისკარ დაწიალებდა;

                            ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,

                             ხმა - ტკბილად აწკრიალებდა;

                                                      მის საოცნებო ჰანგებში,

                                                       ვითარცა სხივი მზიური,

                                                        ისმოდა თვითონ სიმართლე

                                                         და სიყვარული ციური.

                                ბევრს აუძგერა იმა ხმამ

                                გული, ქვად გადაქცეული;

                                 ბევრს გაუნათლა გონება,

                                 ბნელ-უკუნეთად ქცეული.

                                                             მაგრამ დიდების მაგიერ,

                                                              სად ჩანგმა გაიწკრიალა,

                                                               განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა

                                                                შხამით აღსავსე ფიალა...

                                    და უთხრეს: შესვი, წყეულო,

                                     ეგ არის შენი ხვედრიო!

                                     შენი არ გვინდა სიმართლე,

                                      არც ეგ ციური ხმებიო!...“ 4.(4. „ივერია“ #280, 25 დეკემბერი, 1895 წელი,გვ.1.)

   ილიას კაბინეტი „ივერიის“ რედაქციაში. როგორ ჰგავს იგი თავის მფლობელს. არაფერია აქ ზედმეტი ამ საკმაოდ დიდ, შუქიან ოთახში.ავეჯი მამა-პაპური, სადა, გემოვნებით შერჩეული. საწერი მაგიდა, „ბიურო“,-მკვიდრი, სამუშაოდ რომ განაწყობს ადამიანს. ჭერის შუაგულში - ღვთისმშობელი ჩვილი მაცხოვრით.

   ორჯერ ეტყვის რედაქტორი ავტორს - დაჯექიო - და სკამზე მიუთითებს, მაგრამ მომცრო ტანის სემინარისტი ფეხზე დგას მაინც, ფორმის ქუდს აწვალებს ანგარიშმიუცემლად და შესქერის ილიას.

   რედაქტორი კითხულობს ლექსს. წაკითხვის შემდეგ თავს წამოსწევს და ყურადღებით დააკვირდება ჭაბუკს; შემდეგ კვლავ უღრმავდება „სოსელოს“ გაკრულ, მტკიცე ხელით დაწერილ სტრიქონებს.

   მერე ადგება, მაგიდის წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდება და სემინარისტს მეორე სავარძლისკენ მიუთიტებს.ასე იჯდებიან ერთხანს მდუმარედ

-         შენი მუხისფანდურიანი მქადაგებელი ქრისტეა? - დაარღვევს სიჩუმეს ილია.

-         არა მარტო... - მოკლედ უპასუხებს სემინარისტი.

   კვლავ ხანგრძლივი დუმილი.

 -იქნებ „ივერიის“ რედაქტორიცაა, - სევდიანად იღიმება ილია, - „ეს შხამიან აღსავსე ფიალა“ უკვე მომართვეს მარქსიზმის თუთიყუშმა ჟორდანიამ და ძმათა მისთა...

   -არა მარტო ... - კვლავ მოკლედ უპასუხებს სემინარისტი.

   -ახ, ასეცაა საქმე? - წარბს ზეაწევს რედაქტორი და თვალებში ჩახედავს თექვსმეტი წლის ჯუღაშვილს. - თუ სწორედ გავიგე, ეს მუხის ფანდური შენც გინდა მოიმარჯვო, ჭაბუკო. მაგრამ რატომ გგონია, რომ მაინცა და მაინც შხამით აღსავსე ფიალა იქნება შენი მეცადინეობის საფასური?

   -მათე, თქვენი „ლოცვა“ და აკაკი წერეთლის „ვედრება“ მაქვს წაკიღხული, მასწავლებელო.

   -მაგრამ მაცხოვარი შეუნდობს თავის ჯალათებს. მეც მის კვალს მივდევ. შენს ლექსში არა ჟღერს ეს მიმტევებლობის უზენაისობა. შენ არ გიყვარს ის „ბრბო“, მუხის ფანდურიან მქდაგებელს შხამით აღსავსე ფიალას რომ მიაწოდებს.

   -უფალს თავისი გზა და არჩევანი აქვს, მასწავლებელო. სემინარისტი წამოდგა და მოკრძალებით უთხრა რედაქტორს:

   -წავიღებ ლექსს, მასწავლებელო.

   ილიამ პასუხი დააყოვნა. ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კვლავ მიუჯდა საწერ მაგიდას და კიდევ ერთხელ წაიკითხა სემინარისტის უსათაურო ლექსი.

   -ლექსი დამიტოვე, ჭაბუკო. რახან მასწავლებელს მეძახი,დაიხსომე ჩემი რჩევა: უსამართლობას სიძულვილითა და სისხლით ვერ აღმოფხვრი. მე რომ ვწერდი , „თავისუფლების მშოვნელი ამ ქვეყნად მხოლოდ თოფია“, ახალგაზრდა ვიყავ, დაუღვინებელი. გულში ღმერთი ჩაისახე. ისაა შვება, სიყვარული და გადარჩენა. კარგად დაიხსომე, ჭაბუკო.

   ... ოთხი დღის შემდეგ, 1895 წლის 25 დეკემბერს, გაზეთ „ივერიაში“,პირველ გვერდზე დაისტამბა „სოსელოს“ უსათაურო „ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი...“

გიორგი სტურუა
24 თებერვალი, 2021 წ.
გამოქვეყნდა 2021 წლის 1 მარტის გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა