საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მთელი დღის განმავლობაში არწმუნა ქართული ოპოზიცია და მისი რადიკალური ნაწილი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, მათი უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პიკეტირების მცდელობის სახით პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე სახეზეა.
„ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პოზიტიური შედეგი დადგეს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმევა, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია. როგორც წესი, აქციები კონტრპროდუქტიულია მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა მდინარაძემ.