პოლიტიკა
ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. „დღეს ამაყი ვარ, რომ კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით“, – თქვა ევროპული საბჭოს ბრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ქართული ოცნების მთავრობას შორის პრეზიდენტის სასახლეში მისი მედიაციით გამართული თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნა რა, რომ „არსებული პოლიტიკური კრიზისის დაუყოვნებლივ გადაჭრა აუცილებელია“, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს დიალოგის განახლება არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია.

პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი ამ „რთულ თემაზე“ მიღწეულ პროგერსს, ორ კვირაში, ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს მორიგ შეხვედრაზე დააკვირდება.

„ევროკავშირის მთავარი გზავნილი „საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაა“, – თქვა შარლ მიშელმა და დაამატა, რომ „ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომპლექსური გამოწვევაა – ეკონომიკური განვითარება, საზოგადოებრივი ერთსულოვნება, კოვიდ-19, უსაფრთხოება და სტაბილურობა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა და მხარეები „დიალოგის გაგრძელებაზე“ შეთანხმდნენ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განხილულ საკითხებზე პარტიის პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციები ექნება და დაამატა, რომ „ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს“.

„ეს არის, ის, რაც სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – თქვა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ მხარეები ისეთ საკითხებს უნდა მიაპყრონ ყურადღება, როგორებიცაა – ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-19-ის პანდემია.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნული შეხვედრის მთავარ შედეგად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლება დაასახელა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებში მხარეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე პროგრესის მიღწევა უნდა შეძლონ, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგეს ვერ მოგვიტანს“.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, მხარეები განსახილველი საკითხების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ და მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო და სასამართლო [სისტემების] რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის“.

„დიალოგი აიწია სხვა დონეზე და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში“, – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მომავალში მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯამში 6 პუნქტის გარშემო წარიმართება, საიდანაც ახალი მხოლოდ ორი – „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ძალაუფლების დანაწილებაა“.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ახალი არჩევნები დაასახელა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დრო აჩვენებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდს შორის მედიაციაზე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოპოზიცური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს. 150 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 60-დან 54 დეპუტატი პარლამენტს ამ დრომდე უცხადებს ბოიკოტს. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შეჩერდა, რაც მმართველი პარტიის მომლაპარაკებელმა ირაკლი კობახიძემ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისათვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტი წარმოადგინა.

არსებული კრიზისი თებერვლის მიწურულს, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევისა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ვადამდელი არჩევნებისა და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციას მარტში რამდენიმე აქცია-პიკეტი აქვს ჩანიშნული.

civil.ge