პოლიტიკა
ქართულმა ჯარმა „თითქმის შეუძლებელი ამოცანები“ უნდა შეასრულოს

misha_wvrtnebiქართული ჯარი მზად უნდა იყოს „თითქმის შეუძლებელი ამოცანების შესასრულებლად“ იმ ფონზე, როცა „ჩვენ კარგად ვიცით“, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი „მტერი“ და „ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 აპრილს მასშტაბური სამხედრო წვრთნების – „ვაზიანი-2011“-ის დასრულების შემდეგ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის, ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფების მონაწილეობით ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლება გაიმართა, რომლის მთავარი ამოცანაც მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნისა და შეტევის სიღრმეში განვითარების დაუშვებლობა იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 678 სამხედრო მოსამსახურე და 79 ერთეული სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა წვრთნებში, რომლის მიზანიც „თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწა, ასევე, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება“ იყო.

კერძოდ, წვრთნებში ჩართული იყო 14 ტანკი, 15 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის 6 რეაქტიული სისტემა; DANA-ს ტიპის 18 თვითმავალი საარტილერიო სისტემა; 10 ერთეული „სუ-25“ ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი, ოთხი „მი-24“, ექვსი „მი-8“ და სამი UH-1H („იროკეზის“) ტიპის ვერტმფრენი, ასევე, „ჰერმესის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

საველე-ტაქტიკურ სწავლებას, რომელიც 30 აპრილს – შეიარაღებული ძალების დღეს დაემთხვა, ესწრებოდნენ: პრეზიდენტი სააკაშვილი უმცროს ვაჟთან ერთად; თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე. სამხედრო სწავლებას გენშტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კალანდაძე ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ჩვენი მტერი, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა წვრთნების დასრულების შემდეგ, – რა თქმა უნდა, ყველანაირ სწავლებაზე მტერი არის ჰიპოთეტიური, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი, ვინ ახდენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას, ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები საქართველოს მიმართ“.

მისი თქმით, ვაზიანში გამართულმა სწავლებამ „კიდევ ერთხელ დამარწმუნა“, რომ, მიუხედავად „საქართველოს მტრის ყველანაირი მცდელობისა – წელში გაეტეხა“ და საქართველოს საბრძოლო შემადგენლობის „დემორალიზება“ მოეხდინა, „ჩვენ მოვახერხეთ არა მხოლოდ სულისკვეთების შენარჩუნება და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის ჩქარი ტემპით გაგრძელება და დაჩქარება“.

მან შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე მიულოცა და მიესალმა თავდაცვის სფეროში გატარებულ „ძალიან სერიოზულ რეფორმებს“.

„რა თქმა უნდა, როცა ქვეყანას პრობლემები აქვს და როცა ქვეყანას უტევენ, ყველა მისი მოქალაქე ხდება ჯარისკაცი, ყველა მისი მოქალაქე ხდება სამშობლოს დამცველი; მაგრამ თქვენ ხართ მთავარი, წინა და გადამწყვეტი ხაზი ჩვენი თავდაცვის, მთავარი გარანტი ჩვენი მომავლის“, – განაცხადა მან ჯარისკაცების მისამართით.

„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების ყველანაირ მხარდაჭერას, მაქსიმალური ტემპით მოდერნიზაციას და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენ წინაშეა, იყოს ძალიან კარგად მომზადებული, იყვნენ ძალიან კარგად აღჭურვილნი და მზად ყველა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც, თითქმის შეუძლებელი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, რომელსაც ჩვენ წინაშე ჩვენი ცხოვრება და ისტორია დასახავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ბაჩო ახალაიას განცხადებით, ვაზიანში ჩატარებული წვრთნები ეს იყო „ერთ-ერთი ჩვეულებრივი სწავლება“, რომელიც „თავისი შინაარსით მიახლოებულია რეალურ საბრძოლო ქმედებებთან“.