საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პირველ მარტს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის შემოტანის შეფერხების მიზეზები ახსნა და საქართველოს მიერ „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შესახებ ბრალდებებს უპასუხა.
მინისტრის მოადგილის განმარტებები სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ცნობას მოჰყვა, სადაც „კოვაქსის პლატფორმისგან“ მიღებულ პასუხზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, რაც ვაქცინისთვის ავტორიზაციასა და მწარმოებელთან ზარალის ანაზღაურების შესახებ კონტრაქტის გაფორმებას გულისხმობს.
თამარ გაბუნიას თქმით, თებერვლის შუა რიცხვებში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზების შემოტანა იგეგმებოდა, „კოვაქსმა“ ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვაქცინის მწარმოებელ კომპანია „ფაიზერს“ პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დამატებითი მოთხოვნები ჰქონდა, რომლებიც „არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის“.
გაბუნიას განმარტებით, ფინანსურ გადაზღვევაზე დამატებითი მოთხოვნები „კოვაქსთან“ და „ფაიზერთან“ მიმდინარე კვირაში უნდა დაზუსტდეს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უკვე თანხის გადახდის ეტაპზე გადავა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებამ „კოვაქსს“ უკვე მიმართა განმარტებისთვის, თუ „რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია“.
გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები უკვე თანხის გადახდის ეტაპზეა ვაქცინის მწარმოებელ კიდევ ერთ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზას უკვე „მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში“ ეტაპობრივად მიიღებს.
მინისტრის მოადგილეს ვაქცინის პირველი დოზის რაოდენობა და ქვეყანაში მისი შემოტანის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკათი“ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე თვის ბოლოდან დაიწყება და ეს პროცესი აპრილში უფრო დაჩქარდება.
თამარ გაბუნიამ ასევე არ დაადასტურა მედიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომისა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან უთანხმოების შესახებ ცნობები და თქვა, რომ ჯანდაცვის უწყება გამყრელიძესთან „კონსტრუქციული“ თანამშრომლობის რეჟიმშია.
მთავრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის „ძირითადი ასპექტები“ 21 იანვარს წარადგინა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე 18 წელზე ზევით ასაკის მოსახლეობის 60% (1.7 მლნ მოქალაქე) უნდა აიცრას. ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა. მაშინ, გეგმის წარდგენისას, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ქვეყანამ 700 000 ადამიანისთვის საჭირო ვაქცინის თანხა „კოვაქსის“ პლატფორმაში უკვე გადარიცხა.
ჯანდაცვის უწყებას ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ზუსტ თარიღი არასდროს დაუსახელებია, თუმცა აღნიშნავდა, რომ იმუნიზაციის პროცესი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყებოდა. მოგვიანებით, თარიღმა თებერვლის ბოლომდე გადაიწია. შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვაქცინიაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყებოდა.