საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ხელახალი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე ისაუბრეს, როგორც მათი მხრიდან კომპრომისზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას უთხრა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების პროცესში თავად შარლ მიშელი ჩაერთვება და საქართველოში პოლიტიკური კრიზისის საკითხი „ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს“. „შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე“, – დაამატა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაჰპირდა ოპოზიციას, რომ „ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“ და კრიზისის დასაძლევად „განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, მათ შორის, ხელისუფლებაზე“. „[ამ თვალსაზრისით] ევროკავშირს ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი“, – დაამატა მან.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთხმად აღნიშნეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნებისადმი ერთგულნი რჩებიან. ამასთან, კვლავ ძალაშია დაგეგმილი საპროტესტო აქტივობები.
ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარების იდეა პირველად დეკემბერში, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე გააჟღერა. მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მოლაპარაკებებში ქართულ ოცნებას წარმოადგენდა, იდეა უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ხელახალი არჩევნების ჩატარების რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს კატეგორიულად გამორიცხავდა.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური ჩიხის გადასალახად უცხოელი ფასილიტატორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში შეჩერდა. არსებული კრიზისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.