უცხოეთი
სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შევიდნენ და აქცია გამართეს

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შევიდნენ და მეგაფონის საშუალებით „სომხეთი ნიკოლის გარეშე“ სკანდირება დაიწყეს. მათი თქმით, მათ მიზანს შენობის დაკავება არ წარმოადგენს.

სომხეთში დღეს ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ერევანში, ბაგრამიანის პროსპექტზეა დანიშნული. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „სამშობლოს გადასარჩენად“.

აქციამდე გავრცელებულ განცხადებაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ არ მოითმენენ „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთი ადამიანის მიერ დემონტაჟს“.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობა „სამშობლოს გადასარჩენად“ მხარს უჭერს არმია და პრეზიდენტის, ასევე ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სომხეთის მთავრობის მეთაურმა უკვე გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა, ამ განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საპასუხოდ ფაშინიანმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და გენშტაბის მეთაურის გადაყენება ხელმეორედ მოითხოვა, ხოლო სომხეთის მმართველ პარტიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, ვაან ოვაკიმიანმა განაცხადა. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

1tv.ge