გავიდა 10 წელი ნაცების ბინძური ეპოქიდან და სააკაშვილის მონები, ქუჩაში ცხვირის გამოყოფის რომ ეშინოდათ, იმდენად გათავხედნენ, რომ უკვე მთელ საქართველოს ემუქრებიან, ხოლო საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად გარე ძალას მიმართავენ — აქაოდა, საქართველოს სანქციები დაუწესეთო! რა არის ეს, თუ არა ღალატი გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან? ვის, თუ არა სამშობლოს მოღალატეს, შეიძლება უხაროდეს, როცა მისი მოთხოვნით მის სამშობლოს სანქციებს უწესებენ?!
რა ვუწოდოთ ფენომენს, როცა „გლავკანალის“ ქათამი გვარამია დაიმეგობრებს „კურიცა“ კუროპტევს და უცხოელებს საქართველოზე დარტყმას სთხოვს?! თანაც, ძირითადად, გადამდგარ უცხოელებს, ვისაც თავის დროს მიშასგან არაერთი „ბონუსი“ მიუღია! თუ ორმა აგენტმა — საქართველოს მოღალატე გვარამიამ და რუსეთის მოღალატე კუროპტევმა შეიყვარეს ერთმანეთი, რატომ არ შეიძლება, ქართველმა და რუსმა პატრიოტებმა ერთმანეთს გაუგონ?! თუ იცი — საქართველოს მტერი ვინ არის, მოღალატეც უნდა იცოდე, რადგანაც საქართველო ისტორიულად მარცხდებოდა მოღალატის ხელით გახსნილი ციხესიმაგრის კარიბჭის გამო!
დავუშვათ, გამოაცხადეს დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ვინ მოიგებს ამით?! გამოაცხადებენ ეკონომიკურ სანქციებს და ისედაც ნახევრად მშიერი ხალხი ქუჩებში გამოვა! არც ისაა გამორიცხული, რომ დახურონ სანქციების დამწესებელი ქვეყნების საელჩოები და რუსეთის საელჩოს დალუქული კარი გახსნან! საქართველოში ნატოს შემოიყვანენ — რუსეთი დაასწრებს და თავის შეიარაღებულ ძალებს შემოიყვანს! ანუ ორივე შემთხვევაში რუსეთი შეიძლება შემოგრიალდეს და ვინ არის ამის მერე „კრემლი“ ან „წითელი არმია“ — „ქართული ოცნება“ თუ ე.წ. ოპოზიცია?!
ილია მეორე იმიტომ არის პატრიარქი, რომ მთელი ერის აღსარების მოსმენა ძალუძს, მაგრამ გაბოროტებული ხალხი ვერ აპატიებს მოღალატეებს, როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა შეუნდო პეტრე ცაავას, ვერ დაელოდება სააკაშვილს, როგორც უძღებ შვილს, რომელიც დადებს პირობას, რომ პატიმრებს აღარ გააუპატიურებს და აღარც ახალი სერგო თეთრაძეების გვამებს გამოიტანს ციხიდან. ისე კი, სადმე გინახავთ ნაცმოღალატის სინანული?! ასეთების ფეხქვეშ ხომ ყოველთვის მიწა უნდა იწვოდეს!
„შენ ხარ მოღალატე!“ — ყველგან უნდა დავუძახოთ მათ! უნდა დავუძახოთ ქუჩასა თუ მაღაზიაში, როგორც ე.წ. კარტოგრაფ მელაშვილს მიმართა იმ შესანიშნავმა ახალგაზრდამ! უნდა დავუძახოთ თუნდაც სტამბოლის აეროპორტში, სადაც ამასწინათ პატრიოტმა ქართველებმა ორი გვამის მაძიებელი ვანო მერაბიშვილი მოიხელთეს; უნდა დავუძახოთ ისეთივე ჟინით, როგორც ესკალატორზე მიმავალ სააკაშვილს შეჰყვირა მისი ავკაცობით გულმოსულმა თანამემამულემ და ეს კადრები ფირზეც აღბეჭდა...
ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი არსებობს უფსკრული მის ჯანსაღ ნაწილს — კანონმორჩილ უმრავლესობასა და მავნე უმცირესობას შორის, რომელიც არღვევს კანონს და ისჯება ამის გამო უმრავლესობისგან იზოლირების სახით! როგორ წარმოგიდგენიათ დამნაშავეებისა და დაზარალებულების შერიგება და ერთობა?! მითუმეტეს, პატრიოტისა და მოღალატის თანაცხოვრება, ანუ კოჰაბიტაცია? კარგად უნდა დაიმახსოვრონ ეს იმ ორპირმა არსებებმა, ვინც დემოკრატიას გვიქადაგებს და „კოჰაბიტაციისა“ და „ტოლერანტობის“ მნიშვნელობაც კი არ იცის! უნდა იცოდნენ ურჯულოებმა, ვინც გვიმტკიცებს — მზე დასავლეთიდან ამოდისო...
გეკითხებით, ლიბერალ-ათეისტებო, დარჩა ვინმე — ქართველი ხალხი, საქართველო, პატრიარქი, იესო ქრისტე — ვისაც არ უღალატეთ?! სააკაშვილმაც მელია ისე ადვილად იმიტომ გაწირა, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლაქია ვარშალომიძე უნდოდა! მაშ, ნიკანორ მელიას მხრიდან პირველი გირაოს გადახდა რატომ შეიძლებოდა, თუ ასეთი პრინციპულები ხართ?! იმავე პრინციპულობიდან გამომდინარე, რუსული პურის ჭამაც ხომ დანაშაულია?! რაღაც არ გეტყობათ, რომ „უგულავას დიეტაზე“ ხართ ყველანი!
მაშ, რატომ ან რომელი „უზენაესი დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე“ ვითმენთ ამ ერთი მუჭა სექტანტების პარპაშს?! რომელი „ქართველი საზოგადოების განხეთქილებაზე“ და ერის ცრუ გაერთიანებაზეა ლაპარაკი?! გათიშეთ პროპაგანდისტული არხები ეთერიდან —„გლავკანალი“, „პირველი“, „ფორმულა“ და „ახუვიდია“ - და საქართველო დაწყნარდება! მოღალატეების ნაცვლად ერის ჭეშმარიტი შვილები გამოვლენ ასპარეზზე და საქართველოც გაბრწყინდება!
მაშ, ვესროლოთ ათას ღობეზე გადამხტარ დესტრუქციულ ელემენტებს ტყვიაზე უარესი სიტყვა „მოღალატე“, რათა ახალი ჯურის სერგო ორჯონიკიძეთა და „შულავერის კომიტეტის“ წევრთა ფეხქვეშ მიწა იწვოდეს! ასეთი იყო, ასეთია და ასეთი იქნება ერთადერთი რეცეპტი, რომელიც ბნელსა და ნათელს შორის ზღვარს გაავლებს. და მაინც, ჩვენ ყველანაირად ვეცადოთ, გადმოვიყვანოთ ისინი სინათლის მხარეზე, თუ არადა, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ!