საზოგადოება
მაჩალიკაშვილის სახ. კარვების ქალაქი რუსთაველის სახ. პროსპექტზე - საქინფორმის ჟურნალისტები ოპოზიციის მიტინგს დაესწრნენ

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოში 32 ოპოზიციურმა პარტიამ - ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 26 თებერვლის დაანონსებულ მიტინგზე მთელი საქართველოდან 2.5-3 ათასზე მეტი მხარდამჭერის შეგროვება ვერ შეძლო. ეს ის პარტიებია, რომლებიც საქართველოში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ამ აქციაზე იმყოფებოდნენ საქინფორმის ჟურნალისტები. დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, მონაწილეებმა უკვე დაშლა დაიწყეს ... ორგანიზატორებმა - ორატორებმა, უგულავამ, ბურჯანაძემ, თავის შვილთან ერთად, ლეკამ და სხვებმა - ღონისძიების ჩაფლავება რომ დაინახეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ატეხეს ხმაური. რამდენიმე ახალგაზრდა გოგო–ბიჭი რაღაცას როკავდა დინამიკის რიტმში... მოსაღამოებისას კი კოცონზე დაწვეს საქართველოს სსრ დროშები, გაშალეს კარვები - თერთმეტი, რომლებიც ირეკლებოდა დანგრეული არქიტექტურული ძეგლის - თბილისის მხატვრების სახლის - ადგილზე აშენებული უღიმღამო შენობის ვიტრაჟებში. თავისი კარავი მოათრია პანკისელმა ტერორისტმა მაჩალიკაშვილმაც...

მათ კი, ვინც წავიდნენ, დაპირებული თანხა მოშორებით, მიკროავტობუსების მახლობლად მიიღეს, რომლებმაც ისინი უკან, რაიონებში დააბრუნა. ხნიერი ქალები სკამებზე ისხდნენ და სუფთა ჰაერს ყლაპავდნენ. ხოლო პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე დაბორიალობდნენ მაწანწალა ძაღლები და ალკოჰოლითა და აბებით გაბრუებული პროტესტანტები - რათა გამხნევებულიყვნენ და არ გაყინულიყვნენ ...

   ... მომდევნო დღეებში მაჩალიკაშვილის სახ. კარვების ქალაქში კარვების რაოდენობა ადამიანების რაოდენობაზე მეტი იყო, თუმცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი 2 მარტს მეორე მცდელობას ამზადებს, რომლის დროსაც ისინი სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირებას აპირებენ. “2 მარტ საპროტესტო აქციის გეგმა ოპოზიციამ შეათანხმა”, - განაცხადა ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შედეგების შეჯამებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ. შეხვედრაზე ძირითადად განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება საქართველოს პარლამენტის შენობასთან. აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქინფორმი