საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი ბესიკ ფიფია თბილისში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
ბესიკ ფიფია სანქტ–პეტერბურგში მუშაობდა და 2006 წელს თბილისში გადმოსვლის შემდეგ თავისი პროფესიული და შემოქმედებითი საქმიანობა მთლიანად საქართველოს მიუძღვნა. მან დაწერა ათობით რეპორტაჟი, ანალიტიკური მიმოხილვა, ინტერვიუ, გადაიღო უამრავი ფოტო, რომლებიც ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების შესახებ მოგვითხრობს.
2011 წელს РИА Новости-ს მხარდაჭერით ქართულ და რუსულ ენებზე გამოვიდა წიგნი „დიდი ადამიანები საქართველოში: არგონავტებიდან მარადონამდე“. თავის ჩანახატებში ავტორი წერს ლეგენდარულ და სახელგანთქმულ მოგზაურებზე, მმართველებზე, სასულიერო სფეროს წარმომადგენლებზე, სამხედროებზე, მეცნიერებზე, მწერლებზე, მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მსახიობებზე, მეწარმეებსა და სპორტსმენებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. წიგნის საფუძველზე საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ საკუთარ ვებ-გვერდზე აამოქმედა ამავე სახელწოდების პროექტი, რომელშიც 50-ზე მეტი მასალაა შესული. ბოლო წლებში ბესიკ ფიფიას აქტიურად მიჰყავდა საავტორო არხი YouTube-ზე და გვერდი ЯндексДзен-ზე, სადაც საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, ცნობილ ქართველებსა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე.
ბესიკ ფიფია 1960 წელს ზუგდიდში დაიბადა. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პოსტსაბჭოთა პერიოდში მუშაობდა მოსკოვში, გაზეთ „პრავდაში“ სპეცკორესპონდენტად, ათი წელი იყო „ნეზავისიმაია გაზეტას“ საკუთარი კორესპონდენტი სანქტ–პეტერბურგში, 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იყო РИА Новости-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თბილისში, 2014–2015 წლებში – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. არის რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ჟურნალისტური ნაწარმოები“ (2009), ჟურნალისტთა საერთაშორისო კონკურსის პრემიის „საუკეთესოები პროფესიაში“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ფოტონამუშევარი“ (2010).
ფიფიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი. მისი საყვარელი ციტატაა შოთა რუსთაველის „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია“.