საზოგადოება
პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს 20 წლის იუბილე მიულოცა

jarebiსაქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხედროებს პროფესიული დღე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და უწყების სხვა მაღალჩინოსნებმა მიულოცეს.

„მინდა, მოგილოცოთ სწავლების წარმატებით დასრულება. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ, მიუხედავად საქართველოს მტრის ყველანაირი მცდელობისა, წელში გაეტეხა, პირველ რიგში, ჩვენი შეიარაღებული ძალები, მოეხდინა დემორალიზება ჩვენი საბრძოლო შემადგენლობის, ჩვენი ოფიცრების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი კაპრალების, ჩვენი სერჟანტების, არა მხოლოდ სულისკვეთების შენარჩუნება და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის ჩქარი ტემპით გაგრძელება და დაჩქარება მოვახერხეთ. თქვენ საქართველოს დაცვის მთავარი ხაზი ხართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვაზიანში სტუმრობისას, სადაც იგი საველე სწავლება „ვაზიანი 2011“-ს უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან ერთად დაესწრო. მისივე თქმით, „შეიარაღებული ძალების ყველანაირი მხარდაჭერა და მაქსიმალური ტემპით მოდერნიზაცია გაგრძელდება და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენ წინაშეა, ძალიან კარგად მომზადებული, ძალიან კარგად აღჭურვილი მზად იყოს ყველა იმ თითქმის შეუძლებელი ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ წინაშე ჩვენი ცხოვრება და ისტორია ისახავს“.   
„ასე გავაგრძელოთ. ვიცი, რომ ბოლო თვეებში, ბოლო წლებში ძალიან სერიოზული რეფორმები გატარდა, მუდმივად ვადევნებ ამას თვალყურს, მუდმივად ვმუშაობთ ამაზე და, რა თქმა უნდა, ყოველი თვე, ყოველი კვირა, ყოველი დღე რაღაც სიახლის გაუმჯობესების მომტანი უნდა იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.