საქინფორმის ინფორმაციით, ტელეკომპანიის აქციათა 50%-ის მფლობელი 10-მდე ადამიანი იყო, 50%-ს კი სწორედ გია გაჩეჩილაძე ფლობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინათ „უცნობმა“ საკუთარი წილის ნახევარი (25%) დიზაინერ მაკა ასათიანს მიჰყიდა.
საქინფორმი საკითხის გარკვევას ტელეკომპანიაში შეეცადა, თუმცა „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის დღის გამოშვებების პროდიუსერი ლელა გაბეჩავა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ აღმოჩნდა. რაც შეეხება „მაესტროს“ გენერალურ დირექტორ ილია კიკაბიძეს, გაბეჩავას განმარტებით, ის ქვეყანაში არ იმყოფება, რის გამოც მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდება.
საქინფორმის წყარო ვერ აკონკრეტებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კიკაბიძე საზღვარგარეთ სწორედ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად წავიდა. „ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, „მაესტროს“ აქციების 25% მაკა ასათიანს გადაეცა“, – აცხადებს წყარო.
ამასთან, ჩვენ შევეცადეთ, თავად მომღერალ გია გაჩეჩილაძესა და დიზაინერ მაკა ასათიანს დავკავშირდებოდით, თუმცა – უშედეგოდ.