პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი - მცდარი ქმედებების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ამის საფასურის გადახდა მოუწევს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ვხედავ, მრავალი პოზიტიური სიგნალი მოდის ოპოზიციის მხრიდან, იმ ხალხისგან, ვინც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, ვხედავ მათგან კეთილ ნებას. ვიმედოვნებ, რომ ამას მთავრობის მხრიდანაც მოჰყვება კეთილი ნება და იპოვიან კომპრომისს დიალოგისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

„ჩემი ვიზიტი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, ავაგოთ ხიდი მხარეებს შორის. ვიმედოვნებთ, ჩვენ ამას შევძლებთ. ვხედავ, მრავალი პოზიტიური სიგნალი მოდის ოპოზიციის მხრიდან, იმ ხალხისგან, ვინც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, ვხედავ მათგან კეთილ ნებას. ვიმედოვნებ, რომ ამას მთავრობის მხრიდანაც მოჰყვება კეთილი ნება და იპოვიან კომპრომისს დიალოგისთვის, ამ ქვეყანაში ერთიანობის მისაღწევად. ამ ერთიანობამდე გზა გრძელია. ვშიშობ, რომ საქართველოში ესკალაცია საკმაოდ შორს წავიდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არ მიუღწევია უკიდურესი ნიშნულისთვის. ვთხოვ ყველა მეგობარს, კარგად დაფიქრდნენ. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, ახალი ადმინისტრაციით ვაშინგტონში. ვგრძნობ, რომ ახლა შეგვიძლია ამის გაკეთება, არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

სეიმის წარმომადგენლის თქმით, საქართველო უნდა იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი.

„ჩვენ ვისაუბრებთ ხმამაღლა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ხელიდან გაუშვებს ამ შესაძლებლობას. ჩვენ ვიქნებით დიდი კოალიცია თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და ვიმედოვნებ, რომ ამ კოალიციებში ჩვენ გვეყოლება საქართველოს მთავრობაც, მაგრამ ჩვენ ასევე ვიქნებით ძალიან მკაფიო. თუ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცევს ოპოზიციას, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და ვისაუბრებთ სიმართლეს თქვენს ქმედებებთან დაკავშირებით. თუ ისინი იქნება მცდარი, მთავრობას ამის საფასურის გადახდა მოუწევს. ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ვიცი, რომ ბელარუსის და საქართველოს ერთად მოხსენიება შეიძლება სენსიტიური იყოს ზოგიერთისთვის, მაგრამ ეს ჩვენი კი არა, თქვენი გადასაწყვეტია, რომელ კატეგორიაში გსურთ იყოს მოხსენიებული თქვენი ერი“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.