საზოგადოება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებას, რომელიც გუდაურის განვითარების ფონდისთვის 2.5 მლნ ლარის გამოყოფას ითვალისწინებს,.
როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფრაქცია მიიჩნევს, რომ თბილისის ისედაც შემცირებული ბიუჯეტიდან არ უნდა მოხდეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თბილისის კომპეტენციას სცილდება, მითუმეტეს, რომ გუდაურის განვითარება, წესით, სტეფანწმინდის ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს.„უკეთესი იქნებოდა, თუ გუდაურის განვითარებისთვის თანხები სააკაშვილის ან გილაურის ფონდებიდან გამოიყოფა, რომელთა მთლიანი მოცულობა 100 მლნ ლარს შეადგენს და არავინ იცის, რაში იხარჯება ის“, – განაცხადა გრიგოლიამ.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საკრებულოში უმრავლესობის წევრი კოკი იონათამიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – გუდაურის განვითარების ფონდისთვის, 2.5 მლნ ლარის გამოყოფა პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ხდება და სრულიად ობიექტური გადაწყვეტილებაა.