საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერალდ კონოლიმ, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეცაა, 18 თებერვალს განაცხადა, რომ „გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტია“.
მისი თქმით, ამის მიღწევა „დიალოგისთვის საჭირო პირობების, ასევე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი“.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და არსებული კრიზისი და მისი გამომწვევი უთანხმოებები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ.
გაიხსენა რა მის მიერ კონგრესში ცოტა ხნის წინ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ხელახლა წარდგენა, კონოლიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე, აქტი „ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სახელმწიფო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“.
„საერთო დემოკრატიული ღირებულებები, მათ შორის, ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, როგორიც საქართველოა, ჩვენი სტრატეგიული იარაღია მოსკოვის, პეკინისა და სხვა ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დილით დატოვა და მიზეზად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. პროცესები იმ ფონზე ვითარდება, როდესაც ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დაასახელა, რომელიც ოპოზიციის მიმართ მკაცრი რიტორიკითაა ცნობილი. ღარიბაშვილს პრემიერის ერთხელ პოსტი უკვე ეკავა.