პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.

ცვლილება მხოლოდ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შეეხო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს მისვე მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვლის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ იგი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. მის თანამდებობას მისივე მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობაა ასეთია:

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მას შემდეგ დასახელდა, რაც გიორგი გახარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა,

ღარიბაშვილს თავის კაბინეტთან ერთად, ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რასაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ქართულ ოცნებას კი – 150 წევრიან პარლამენტში 90 კანონმდებელი ჰყავს. თუკი საკანონმდებლო ორგანო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში მთავრობას ვერ დაამტკიცებს, პრეზიდენტმა შემდეგ ერთ კვირაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს.