პოლიტიკა
აშშ საქართველოს მთავრობას: „იმოქმედეთ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად“

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა: „დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად და სასამართლო და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისაგან გათავისუფლების გზით გააძლიეროს დემოკრატიის, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები“.

თბილისის დროით 19 თებერვლის ადრეულ საათებში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ „ღრმადაა შეშფოთებული“ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა მხარეს მოუწოდა „მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და თავიდან აირიდოს ისეთი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელთაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს“.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ საქართველოს. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად“, ხაზგასმულია განცხადებაში.