პოლიტიკა
ქრისტიან-დემოკრატები სახალხო დამცველის ანგარიშის სასწრაფო საპარლამენტო განხილვას მოითხოვენ

axvledianiiiქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ, პარლამენტმა სასწრაფოდ განიხილოს გიორგი ტუღუშის ანგარიში.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში ერთი თვეა, შესულია. თვის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ ანგარიშის გასაცნობად ერთი თვე იქნებოდა საჭირო.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, პლენარულ სხდომაზე გატანამდე ანგარიში საპარლამენტო კომიტეტებში უნდა განიხილონ, პროცესი კი ჯერჯერობით არც დაწყებულა. ეს კი, მისი აზრით, „აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს ანგარიშის განხილვას, რადგან მასში მოყვანილი ფაქტები სხვადასხვა სფეროში ჩადენილ უამრავ დანაშაულს წარმოაჩენს. მივიჩნევთ, რომ საბოლოოდ უნდა დასრულდეს ის მანკიერი ტრადიცია, როცა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ ცნობად იღებს. ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს და დადგება კონკრეტული თანამდებობის პირებისა და, პირველ რიგში, სასჯელაღსრულებისა და დევნილთა მინისტრების პოლიტიკური და, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“.