პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილს ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია.

მისი კანდიდატურა მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ შეარჩია. ის პრემიერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც მთავრობას 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა,18 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.