საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ქართველმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
ხუთშაბათს გახარიამ თანამდებობა დატოვა, მიიღო რა გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მან განაცხადა, რომ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა თავის გუნდთან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
"პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის. ამაზე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ. ეს არის მრავალი გარემოების შედეგი, რომელთაგან ერთი იყო ის, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას არ მისცეს უფლება შეეცვალა მთავრობის არცერთი წევრი. თუმცა, ზოგიერთ მათგანთან, ვგულისხმობ ფინანსურ ბლოკსა და ჯანდაცვის მინისტრს, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან გახარია ხედავდა, რომ ისინი აკეთებენ "არა მთლად იმას, რაც საჭიროა“ პანდემიის პირობებში", - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik-Georgia-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ამას სხვა მიზეზებიც დაემატა: მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წასვლა, რომელიც მისი პოლიტიკური კარიერის გარანტი იყო, და, ასევე, ცუდი ურთიერთობა მმართველ გუნდთან - თბილისის მერთან, თავდაცვის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიის თავმჯდომარესთან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინა დღეს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი დაკავება 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე მომხდარი მოვლენების საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, მელიამ და მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას. მას მხარი დაუჭირა მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა. გარდა ამისა, ოპოზიციამ გამოაცხადა გაერთიანებისა და ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის გადაყენებამ შინაგან საქმეთა სამინისტრო აიძულა დროებით გადაედო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.